ყველაზე მეტად დასაქმებულები ბელგიაში იბეგრებიან - ევროპის 10 ქვეყანა ყველაზე მაღალი და დაბალი საშემოსავლო გადასახადით

საშემოსავლო გადასახადი ნებისმიერ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი გადასახადია.

ამის საუკეთესო მაგალითია თუნდაც ჩვენი ქვეყანა - საქართველო, რომლის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის წყალობით, ყოველწლიურად, 2 მილიარდ ლარზე მეტი შედის. ჩვენთან, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში პროპორციული სისტემა მოქმედებს: შემოსავლის მიუხედავად, გადასახადი მაინც 20%-ია, თუმცა ძალიან ბევრ ქვეყანაში პროგრესული საშემოსავლო სისტემაა დანერგილი: ეს ნიშნავს, რომ გადასახადი ადამიანის შემოსავლის პარალელურად იზრდება. ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ის ევროპული ქვეყნები დაასახელა, სადაც საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მაღალი, ან ყველაზე დაბალია.

ევროპის 5 ქვეყანა, სადაც საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მაღალია:

ბელგია - ბელგია პატარა, მაგრამ განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა. ამ ქვეყნის მოქალაქეები საკმაოდ მაღალ საშემოსავლო გადასახადს იხდიან: საშუალო ხელფასის მქონე ბელგიელი ყოველთვიურად სახელმწიფოს თავისი შემოსავლის 42 პროცენტს ურიცხავს.

გერმანია - საშემოსავლო გადასახადს გერმანიაში ყველა დასაქმებული ადამიანი იხდის. გერმანიის საგადასახადო სისტემის მთავარი პრინციპი ასეთია: რაც უფრო მეტს იშოვი, მით მეტად დაიბეგრები. საშემოსავლო გადასახადის საშუალო მაჩვენებელი ამ ქვეყანაში დაახლოებით 39,7 პროცენტია.

დანია - დანიაც პროგრესიული დაბეგვრის სისტემის ქვეყანაა. იქ წარმატებით მოქმედებს დაუბეგრავი მინიმუმი და სხვა ტიპის გადასახადები. დანიაში სამი სახის საშემოსავლო გადასახადი არსებობს: სახელმწიფო, მუნიციპალური და საეკლესიო. საშემოსავლო გადასახადის საშუალო მაჩვენებელი დანიაში 36,1%-ს შეადგენს.

ავსტრია -ავსტრია ევროპის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. ავსტრიაში საშემოსავლო გადასახადი საკმაოდ მაღალია და 34, 9 პროცენტს უტოლდება.

უნგრეთი - უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებს არც ისე დიდი ხნის წინ შეუერთდა: ის ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა, უფრო ადრე - 1999 წელს კი, ნატოში შევიდა. ამ ქვეყნის ეკონომიკა თანდათან უწყობს ფეხს მოწინავე ქვეყნების ტემპებს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, რიგითი უნგრელისთვის 34,5 პროცენტია.

ევროპის 5 ქვეყანა, სადაც საშემოსავლო გადასახადი დაბალია:

ბულგარეთი

-ბულგარეთში გადასახადები დაბალია. მიუხედავად ამისა, ბულგარეთი ერთ-ერთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში, სადაც პროპორციული საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს: იქ ყველა - მდიდარი თუ ღარიბი - სახელმწიფოს თავისი შემოსავლის 10%-ს უხდის.

ჩეხეთი - -ყოფილი სოციალისტური ქვეყნის - ჩეხოსლოვაკიის ნაწილია. ეს ევროპის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა, განსაკუთრებით, ბიზნესის კეთებისთვის. აქ ყველანაირი გადასახადი შეღავათიანია, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დაახლოებით 15%-ია.

ლიტვა - 15 პროცენტია საშემოსავლო გადასახადი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - ლიტვაში, რომელიც ფართობით და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანაა. საყურადღებო ფაქტია, რომ 2007-2008 წლების ფინანსურ კრიზისამდე ლიტვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, დღეს კი, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრია.

რუმინეთი - კომუნისტური წყობის დამხობის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუმინელებმა დამოუკიდებელი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყეს. ბუნებრივია, რეფორმები ამ ქვეყნის ეკონომიკას და საგადასახადო სისტემასაც შეეხო. საშემოსავლო გადასახადი დღევანდელ რუმინეთში 16%-ს უტოლდება.

ლიხტენშტეინი - ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკის დონე ძალიან მაღალია. ამბობენ, რომ ლიხტენშტეინში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მცხოვრები. ამ ქვეყანაში თანაბრად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სხვა დარგები. საშემოსავლო გადასახადი ლიხტენშტეინში საშუალოდ 17,8 პროცენტია.

ხათუნა ჩიგოგიძე