ახალ ზელანდიაში მფრინავი ტაქსი Cora გამოსცადეს

ახალ ზელანდიაში სტარტაპი Kitty Hawk უპილოტო მფრინავი ტაქსის ცდებს ატარებს, რომლის შემქმნელიც არის Google-ის მფლობელი, კომპანიის Alphabet-ის ხელმძღვანელი ლარი პეიჯი.

კომპანიამ გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც მომავლის ტაქსის გაფრენაა ასახული. ავტომობილი მთლიანად ელექტრონულია და მას შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა.

როგორც CNN წერს, Cora-ს შეუძლია ორი ადამიანის გადაყვანა მაქსიმუმ 180კმ/სთ-მდე სიჩქარით 150-დან 900 მეტრ სიმაღლემდე. დაფარვის მანძილი დამატებითი დამუხტვის გარეშე კი შეადგენს 100 კილომეტრს. ავტომობილის ვერტიკალურ აფრენას უზრუნველყოფს 12 სასტარტო ძრავი, ხოლო უკვე ჰაერში გადაადგილებას ერთი მამოძრავებელი ძრავი.

ნავიგაციას უზრუნველყოფს სამი კომპიუტერი და ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ავტომობილს გააჩნია პარაშუტიც და ყველა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემხთხვევაშიც კი ავტომობილი უსაფრთხოდ დაეშვება.

მოსალოდნელია, რომ Cora გახდება სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი გაყიდვები სამომავლოდ კომპანიებზე და ავტოპარკებზე დაიწყება და არა კერძო პირებზე.

შეგახსენებთ, ეს არ არის ერთადერთი მფრინავი ტაქსის პროექტი, რომელზეც ამჟამად მიდის მუშაობა, საკუთარი ვარიანტები უკვე წარადგინეს ან აპირებენ წარდგენას კომპანიები Uber, Airbus, Porsche და სხვები. Airbus-ის პროტოტიპის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა თებერვალში და კომპანია ბაზარზე მის გამოტანას 2020 წლისთვის გეგმავს.

კოკა კვირკველია