ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ”თიბისი სტარტაპერი” სტარტაპკურსს იწყებს

ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბასიზო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას ”თიბისი ბანკის” პროგრამა ”სტარტაპერი” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სთავაზობს. სპეციალურად სტუდენტებისთვის შეიქმნა სტარტაპკურსი. პირველი სტარტაპკლასი კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაინერგა.

საპილოტე კურსი, რომელიც მიმდინარე თვეს დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაესწრონ სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომელიც სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას აერთიანებს - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მათგან მიიღონ რჩევები, რეკომენდაციები და სტარტაპების გარშემო ინსპირაციულ საუბრებს დაესწრონ.

კურსის დასრულებისას, სტუდენტები სტარტაპების შესახებ პრეზენტაციებს მოამზადებენ, გამარჯვებული გუნდი კი Startup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაზე გაემგზავრება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი სტუდენტებს უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარება.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. ”თიბისი ბანკის” მონაწილეობით, სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემუშავდა სტარტაპერის განვითარების პროგრამა, რომელიც საინტერესო ექსპერტების და ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს, რაც დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს, გახდნენ მომავალი ბიზნეს ლიდერები. გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან საერთაშორისო სტარტაპების კონფერენციებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

სამომავლოდ პროექტის მასშტაბების ზრდა და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართულობაც დაგეგმილია. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკა ქურდიანის განმარტებით, მათი მიზანი სტუდენტებში სტარტაპკულტურის დამკვიდრება და მათთვის ინსპირაცის მიცემაა, რომ იდეები რეალობად აქციონ.

„კონკრეტული პროექტი სტუდენტებზეა მიმართული. ჩვენი მიზანია, სტუდენტებიც აქტიურად ჩავრთოთ ამ დიდ მიზანში და გავაერთიანოთ ამ თემის გარშემო. „თიბისი ბანკი“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთად რომ დადგება და ასეთ კურსს ააწყობს, მგონია, რომ ამას დიდი პერსპექტივა აქვს. მიზანი გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავაჩინოთ მსგავსი კურსები, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადავდგით აქ და მადლობა უნივერსიტეტს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

”თიბისი სტარტაპერის” მენეჯერის ნათია სვანიძის განმარტებით, სტუდენტებში დიდი პოტენციალია, რომლის გამოყენებითაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების წარმატების, არამედ ქვეყანაში დამატებითი შესაძლებლობების გაჩენის წინაპირობაა. მისივე თქმით, პროექტში ჩართულ სტუდენტებს ყველანაირი შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეების წარმატებით განხორციელებაში.

„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ სტუდენტებში და გვინდა მათში არსებული ენერგია, მოწოდება და ეს რესურსი გადავრქმნათ და მივცეთ ინსპირაცია, მთელი ამ რესურსით ქვეყანაში შექმნან დამატებით შესაძლებლობები. გვინდა თავიანთი იდეები გარდაქმნან ბიზნესებში და ამ ნაწილში მთლიანად დავეხმარებით მათ“, - განაცხადა ნათია სვანიძემ.

სტარტაპერი (www.startuperi.ge) ”თიბისი ბანკის” პროგრამაა, რომლის მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი.