პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა ორგანიზაციები არცთუ იშვიათად არღვევენ ადამიანთა უფლებას დაცული იყოს მათი პერსონალური მონაცემები.
კერძოდ, როგორც აპარატის გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში 51 სავაჭრო ობიექტი, 39 მიკროსაფინანსო და ონლაინსესხის გამცემი კომპანია, 32 კომერციული ბანკი, 24 სესხის ამომღები, 14 კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანია და 24 ლომბარდი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შემოწმდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ინსპექტორის აპარატში განუცხადეს, შესწავლის შედეგად 2017 წლის განმავლობაში სამართალდარღვევა 22 სავაჭრო ობიექტთან დაკავშირებით დადგინდა. მათთან მიმართებით სანქციები ძირითადად, ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევაზე გავრცელდა. დარღვევის გამო ორგანიზაციებს მიეცათ როგორც გაფრთხილება, ასევე ზოგი მათგანი დაჯარიმდა კიდეც. ფულადი სანქციის ოდენობა 500 ლარამდეა.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო, ონლაინ სესხის გამცემ და სესხის ამომღებ კომპანიებს, სამართალდარღვევა 23 შემთხვევაში გამოვლინდა. ძირითადად საქმე სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებას ეხებოდა. ამ სახის დარღვევებისთვის კანონი ითვალისწინებს გაფრთხილებას ან ჯარიმას 500 ან 2 000 ლარის ოდენობით.
აპარატის ინფორმაციით, პერსონალური მონაცემების მე-3 პირისთვის გამჟღავნების ფაქტი დადგინდა კომერციულ ბანკებშიც. რიგ შემთხვევებში კი პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჯამში, 32 კომერციული ბანკის შემოწმებისას სამართალდარღვევა 10 შემთხვევაში გამოვლინდა, რაზეც სანქციის სახით გამოყენებული იქნა როგორც ჯარიმა, ისე გაფრთხილება.
ლომბარდებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემთხვევაში, 24-დან 4 შემთხვევაში დადგინდა სამართალდარღვევა. აღნიშნული ობიექტების შესწავლის საგანს კი ვიდეოთვალთვალის წესების დაცვა წარმოადგენდა.
ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, კომუნიკაციის განმახორციელებელი კომპანიების შემთხვევაში 14 კომპანიის შესწავლის შედეგად, 4 სამართალდარღვევა დადგინდა.
სანქციის სახით გამოყენებული იყო როგორც ჯარიმა, ისე გაფრთხილება. რაც შეეხება დარღვევის ტიპებს, ამ კომპანიათა შემოწმებისას გამოვლინდა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესის დარღვევა, ასევე ინსპექტორისათვის ინფორმაციის წარმოდგენის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტები.