„საქართველოში ე.წ. მწვანე კარკასის ბინები არ შენდება“

„მწვანე კარკასის“ შეძენის შემთხვევაში, მფლობელს ბინაში საცხოვრებლად გადასასვლელად მხოლოდ მსუბუქი კოსმეტიკური რემონტის გაკეთება დასჭირდება“

- ვკითხულობთ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის ვებ-გვერდზე და ვეცნობით იმ ჩამონათვალს, რომელსაც მათი თქმით, ბინის მდგომარეობა ე.წ. „მწვანე კარკასი“ ეწოდება.

ქართულ ბაზარზე „მწვანე კარკასს“ სახლის მდგომარეობას უწოდებენ, რომელიც მოიცავს: ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმულ იატაკებს; ბეტონის საკედლე აკუსტიკური ბლოკით მოწყობილ შიდა ტიხრებს; გალესილ კედლებს; მაღალი ხარისხის ფილებით მოპირკეთებულ აივნებსა და ტერასებს; ცენტრალური გათბობისა და კონდენციონერის ბლოკის სათავსოს; ბინაში დაქსელილ ელექტროობას; ცენტრალური გათბობასა და ცხელი წყლის მილებს; ალუმინის კარ-ფანჯარას; ევროპული ლითონის ბინის ცენტრალურ შესასვლელ კარს ბრენდირებული საკეტით; მოპირკეთებულ სადარბაზოს.

რას ნიშნავს რეალურად „მწვანე კარკასი“ და რატომ დამკვიდრდა საქართველოში ეს ტერმინი ამ ფორმით - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს წარმომადგენლები საუბრობენ.

სპეციალისტების თქმით, ტერმინი მწვანე კარკასის გამოყენება იმ ფორმით, რომლითაც სამშენებლო კომპანიები იყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამას ემსახურება. სინამდვილეში კი, აღნიშნული ტერმინი ქართულ რეალობაში არასწორად არის გადმოტანილი და შესაბამისად, პრაქტიკაშიც შეცდომით დამკვიდრდა.

„ამ ტერმინს რა თქმა უნდა, ჩვენც ხშირად ვიყენებთ, თუმცა, ვიცით, რომ რეალურად „მწვანე კარკასის“ მნიშვნელობა საერთოდ სხვაა,“- აცხადებენ სააგენტოში.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მწვანე მშენებლობა რეალურად თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ძვირადღირებული მშენებლობაა, რადგან იგი ბუნებრივი მასალებით ხორციელდება. მასალა, რომელსაც მშენებლობის პროცესში გამოიყენებენ, აუცილებლად ენერგოეფექტური უნდა იყოს და მხოლოდ გენერირებული ენერგიის მოხმარება დასჭირდება.

აღნიშნული მშენებლობის მთავარი ხაზი ის არის, რომ მან ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს, რაც განახლებადი (ქარის, მზის) ენერგიის გამოყენებით, მის დაზოგვას ემსახურება. ეს ყველაფერი კი, ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ჩვენი ქვეყნის სამშენებლო ბაზარს თუ გადავხედავთ, არასპეციალისტიც კი მიხვდება, რომ ის, რასაც „მწვანე კარკასი“ თავის თავში გულისხმობს, საქართველოში არც კი არსებობს. მწვანე მშენებლობები ამ ეტაპზე მხოლოდ განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში გვხვდება, ისიც კონკრეტულ დასახლებებში და ეს ცალკეული დასახლებებიც ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება“,-აცხადებენ Myclient.ge-ში.