კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს არის მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,
- ასე პასუხობს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მერის მოადგილე სითი პარკის მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებას და მათ არგუმენტებს კატეგორიულად არ ეთანხმება.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები კომპანია „სითი პარკის“ მფლობელების მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს არის მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. ასევე, პრაქტიკულად გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ზოგადად, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესების ალბათობას, რომელზეც კომპანის მფლობელები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, აღნიშნული საკითხის საერთო სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული და კომპანიის არაკონსტრუქციულ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აისახება.
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე, ნებისმიერ ინსტანციაში განვმარტოთ. ჩვენ კომპანიას ასევე შევთავაზეთ შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე გვემსჯელა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება“, - ნათქვამია ხმალაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შპს „სითი პარკის“ მფლობელები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ “არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს”.