სანატორიუმი „ლიბანი“ გაიყიდა - ტერიტორიაზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის კურორტ ლიბანში, ყოფილი უმოქმედო სანატორიუმი „ლიბანი“ 1 003 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

კერძოდ, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე სულ მცირე 70 ნომერზე გათვლილი სასტუმრო ააშენოს, რისთვისაც 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"დღეის მდგომარეობით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48 311 501 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება, ხოლო სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ინვესტორები არანაკლებ 98 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ,“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.