საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოს ფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა. აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
დღესვე, შედგა პირისპირ შეხვედრა ორ მინისტრს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები, ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
„ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.