საუდის არაბეთი აპრილში ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

საუდის არაბეთი აპრილში ნავთობის მოპოვების დღიურ მოცულობას 10 მილიონ ბარელზე დაბლა შეინარჩუნებს და იმავდროულად, ექსპორტზე დღიურად 7 მილიონზე ნაკლებ შავ ოქროს გაიტანს.

ეს შეესაბამება OPEC-ის მცდელობას, დააბალანსოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წარმოქმნილი სხვაობა.

საუდის არაბეთი დღესაც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა. იანვრის შემდეგ ის იმაზე ნაკლებ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე OPEC-ის კვოტით შეუძლია. განსაკუთრებით შემცირდა შეერთებულ შტატებში გასატანი ნედლეულის მოცულობა. ექსპორტის შემცირების მიზანი, მსოფლიო ბაზარზე არსებული მარაგების შემცირებაა, რასაც ნავთობზე მოთხოვნის და შესაბამისად, ფასის გაზრდის გამოწვევა შეუძლია.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნები შეთანხმებულები არიან მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვაზე. მათი შეთანხმება ამ წლის ბოლომდე ძალაშია. OPEC-ის მიზანია, მიაღწიოს მიწოდების მოცულობის ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს, რომელსაც მიწოდების ამჟამინდელი ტემპი დაახლოებით 74 მილიონი ბარელით სჭარბობს. შედარებისთვის, შეთანხმების დაწყების მომენტში (შარშან) ჭარბი მიწოდების მოცულობა 300 მილიონი ბარელი იყო.

OPEC-ის გეგმების შესრულებას ყველაზე მეტად ის გარემოება აფერხებს, რომ რეკორდულად გაიზარდა ნვთობის მოპოვება შეერთებულ შტატებში. უფრო მეტიც, მოპოვების მხრივ, აშშ-მა უკან ჩამოიტოვა საუდის არაბეთი და მალე რუსეთსაც გადაასწრებს, რითაც მსოფლიო ლიდერი გახდება. მოპოვების ზრდის კვალობაზე, ამერიკა ექსპორტსაც აზიის ბაზარზე გააქტიურების ხარჯზე ზრდის, სადაც ძირითადად, OPEC-ის და რუსეთის წილებს იკავებს.

დღეს შუადღისას, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 64.93 დოლარი იყო.