„საპარტნიორო ფონდმა“ „სივრცის დამზოგველი ავეჯის წარმოების“ პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „სივრცის დამზოგველი ავეჯის წარმოების“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ფონდის მენეჯმენტი, გამარჯვებული პროექტის ავტორები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, პრეზენტაციაზე მრავალფუნქციური, ინოვაციური ავეჯის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის მიზანია აწარმოოს სივრცის დამზოგავი ავეჯი, რომელიც სტანდარტული ავეჯის სივრცეს მხოლოდ გამოყენების დროს დაიკავებს, სხვა შემთხვევაში კი დაიკეცება და კომპაქტურად გარდაიქმნება სხვა სახის ავეჯად.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, სივრცის დამზოგავი ავეჯი ინოვაციურია და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებსა და სურვილებზე არის მორგებული. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური ავეჯის გამოყენება პრაქტიკულია მცირე ზომის ოფისებში, საცხოვრებელ ბინებში, ჰოსტელებში და ა.შ. კომპანიამ უკვე წარმოადგინა რამდენიმე საინტერესო მოდელი და დამატებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. ახალი სტარტაპის პროდუქციის შეძენა დედაქალაქში უკვე შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„სტარტაპ საქართველოს” ამ ეტაპზე 90 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 70 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.