ბოლო 2-3 წელია, ელექტროენერგიის იმპორტი მუდმივად მატულობს.
ქვეყანა ნეგატიურ ტენდენციას რეალურად ვერაფერს უპირისპირებს. რიგი მიზეზების გამო, ელექტროსადგურების მშენებლობაც ვერ ხერხდება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტების უმეტესობა განუხორციელებელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები არ მალავენ, რომ შემოტანილი ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, რაც სამომავლოდ სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება.
ამ ეტაპზე 1 კვტ/სთ იმპორტირებული დენის ღირებულება 11-12 თეთრის ფარგლებშია და დაახლოებით იმდენი ღირს, რამდენიც ადგილობრივი თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, წესით, 2020 წლამდე განსაზღვრულია და მას ცვლილება არ შეეხება, მაგრამ ფაქტია, რომ ძვირი დენი ენერგოსექტორს განვითარების საშუალებას არ მისცემს. ამიტომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის აუცილებლობა სამომავლოდ ისევ დადგება, რასაც "რეზონანსთან" საუბრისას ენერგეტიკოსები ადასტურებენ.
ცხადია, რომ იმპორტის ზრდის მიზეზად ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რაც, გარკვეულწილად, ე. წ. ბიტკოინიზაციის პროცესს უკავშირდება. საუბარია იმაზეც, რომ პრობლემა საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა. ასეთ ფონზე, ელეტროენერგიის იმპორტის მზარდი სტატისტიკა საკმაოდ დამაფიქრებელია.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემით, წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2 თვეში 369 მლნ კვტ/სთ შეადგინა. 2017 წლის იანვარ-თებერვალში დენის იმპორტი 420 მლნ კვტ/სთ იყო. მართალია, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში იგი ცოტათი შემცირდა, მაგრამ, წინა წლებისგან განსხვავებით, მკვეთრი ზრდა შეინიშნება. მაგალითად, 2016 წელს დენის იმპორტი 200 მლნ კვტ/სთ იყო. ბოლო 4 წელია, ყოველთვე გვჭირდება ელექტროენერგიის შემოტანა, როცა ადრე ზაფხულის პერიოდში ამის საჭიროება აღარ იდგა. ბოლოს იმპორტი არ დაგვჭირვებია 2014 წლის მაისში, რის შემდეგაც არცერთი თვე არ გამოგვიტოვებია.
საპროგნოზო მონაცემებით, 2018 წელს იმპორტი დაახლოებით 1,960 მლრდ კვტ/სთ იქნება, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 2,265 მლრდ კვტ/სთ მიაღწევს. ეს განპირობებული იქნება იმით, რომ იგეგმება "ენგურჰესის" გაჩერება მისი რეაბილიტაციის მიზნით, 2020 წლიდან კი იმპორტი საგრძნობლად შემცირდება.
ენერგეტიკოსები 2020 წლიდან სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ელოდებიან, თუმცა მანამდე იმპორტირებული დენი გაძვირდება: ენერგეტიკოსი და დეპუტატი რეზო არველაძე ყველაფრის მიზეზად მზარდ მოთხოვნას ასახელებს და დასძენს, რომ მდგომარეობა საინვესტიციო პროექტების შეჩერებამ განაპირობა.
"ელექტროენერგიის მოხმარების საკმაოდ მაღალი ტემპია ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ საკმარის ელექტროენერგიას და ამიტომ იძულებულნი ვართ, მეზობელი ქვეყნებიდან ვიყიდოთ.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად დიდია წყლის ჩამონადენი, რათა ჰიდროსადგურებმა კარგად იმუშაონ. ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა გვქონდა 2010 წელს, როცა ძალიან ბევრი - 9,6 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია ვაწარმოეთ. ეს მოცულობა საპროექტო გამომუშავებაზე მეტია. ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება. 2010 წლის შემდეგ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.
ჰესების ექსპლუატაციაში შეყვანის ტემპით ვერ ვეწევით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას და ესაა პრობლემა. საინვესტიციო პროექტები აღარ არის და ესაა ყველა უბედურების სათავე. გასული 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია. ამაში ჩართეს ავტორიტეტული ადამიანებიც და საბოლოოდ, ინვესტორები დაფრთხნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პროექტები შეჩერდა", - განუცხადა "რეზონანსს" არველაძემ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ სამომავლოდ დენის ტარიფის ზრდა გარდაუვალია:
"იმპორტი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება და ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მართალია, სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდება. მოსახლეობის პროტესტს სახელმწიფო წააწყდა "ხუდონჰესთან" დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. მოსახლეობა ეწინააღმდეგება მცირე ჰესებსაც. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
ასეთ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ტარიფი მოიმატებს. მით უმეტეს, რომ ველოდებით იმპორტის გაძვირებას. კონკრეტულად როდის მოხდება ეს, უცნობია, მაგრამ ცვლილება ფასში მოსალოდნელია და აქამდე დიდი დროც არ რჩება.
გაისად "ენგურჰესი" გაჩერდება, ამ პერიოდში იმპორტიც გაიზრდება, რაც გათვალისწინებულია ენერგობალანსში. სამომავლოდ, ანუ 2020 წლის შემდეგ ტარიფიც შეიცვლება. დაახლოებით ამ პერიოდიდან გადასახადი გაძვირდება, მაგრამ მისი სიდიდე მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია", - აცხადებს რეზო არველაძე.
ენერგეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ელექტროსადგურების მშენებლობაა და ეს საკითხი როგორმე უნდა დაიძრას. ეს შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია.
"ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, გარკვეულწილად, უკავშირდება ტურიზმს, ანუ ზაფხულის ინფრასტრუქტურას, რასაც ბოლო დროს კრიპტოვალუტების მანიაც დაემატა. ამას შეიძლება დავუპირისპიროთ თბოელექტროსადგურები ზამთრის პერიოდში, მაგრამ აქ დგას მეორე სერიოზული პრობლემა ბუნებრივი აირის სახით. დაახლოებით 800 მლნ კბ/მ მაინც გვჭირდება დენის იმპორტის შესამცირებლად. ჯერ ამის შესაძლებლობა არ არის. 2019 წლისთვის შესაძლებელია, რომ სოციალური გაზის მოცულობა გავზარდოთ იმ დონემდე, რომ დენის იმპორტის შემცირებაზე ვიფიქროთ.
ელექტროსადგურების მშენებლობა არ არის მარტივი საქმე. საშუალო და მსხვილი ჰესების აშენებას 5-6 წელი სჭირდება, ამიტომ პროექტირებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მგარამ ჩვენთან, გარკვეული მიზეზების გამო, ჰესების მშენებლობა ვერ ხერხდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გია არაბიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"