საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე ქვეუწყება (სსიპ-ი) საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონს უხეშად არღვევს.
საუბარია, საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს „ბიზნესპრესნიუსმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 15-16 თებერვალს მიმართა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა აღნიშნული უწყება ვალდებული იყო პასუხი გაეცათ ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა არც ერთმა უწყებამ ჩვენს არც ერთ მოთხოვნაზე პასუხი დღემდე არ გაგვცა, ამით კი, სამივე სსიპ-მა კანონი უხეშად დაარღვია.
„ბიზნესპრესნიუსი“ პირველი არ აღმოჩნდა, რომელმაც იუსტიციის სამინისტროდან და მისი სსი-ებიდან ინფორმაცია კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მიიღო. როგორც IDFI-ის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილი „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბოლო 3 წელია იუსტიციის სამინისტროდან და მისი მთელი სისტემიდან ინფორმაციის მიღება ძალიან რთული გახდა.
„ყოველწლიურად ჩვენ ვადგენთ ყველაზე ღია და დახურული უწყებების რეიტინგს. 2016 წელს კი იუსტიციის სამინისტრო, როგორც ცენტრალური აპარატი, ასევე მისი დაქვემდებარებული 11-ივე სსიპ-ი დავასახელეთ ყველაზე დახურულ სისტემად საქართველოს საჯარო სექტორში. მათგან ფაქტობრივად, ვერც ერთ ინფორმაციაზე პასუხი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სასამართლო დავები ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვიგეთ კიდეც არაერთი დავა, რის შემდეგაც მივიღეთ ინფორმაცია, მაგრამ ეს მოხდა ძალიან გვიან.
2017 წლის თებერვალში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი 8 დეკემბრისთვის გამოაგზავნეს. ამის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულებები აგზავნიან ანგარიშს პარლამენტთან, პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, სადაც უნდა ასახონ სტატისტიკა წლის განმავლობაში როგორ გასცემდნენ ინფორმაციას. ან სტატისტიკაში რომ დაეფიქსირებინათ, რომ არ ჰქონდათ უპასუხო წერილები, ამიტომ მოგვწერეს 2 დღით ადრე. ანუ ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი დახურული უწყებაა. არადა, პირველ რიგში ამ პროცედურების დაცვა სწორედ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გოგა თუშურაშვილმა.