„ჯანდაცვაში ინვესტიციების კლება სამომავლოდ ფასებსა და ხარისხზე ნეგატიურად აისახება“

„ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების კლება სამომავლოდ ფასებსა და ხარისხზე ნეგატიურად აისახება, რადგან ბაზარზე კონკურენცია არ იქნება“,

- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაზრდილი ინვესტიციები კარგია, თუმცა მისი სტუქტურულად გადანაწილება არასწორად ხდება.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტირი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიული მაქსიმუმია.

2017 წელს მნიშვნელოვნად, 114 პროცენტით (156.9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ აშშ დოლარით) და 304.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61 პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ აშშ დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ აშშ დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ აშშ დოლარით მეტი) შეადგინა.

გაზრდილი ინვესტიციების ფონზე, შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. როგორც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განმარტავს, უკეთესი იქნება შემოსული ინვესტიციები სტრუქტურულად სხვანაირად გადაეწყოს.

„ინვესტიციების ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, მით უმეტეს ასეთი რეკორდული მაჩვენებლები. თუმცა სტრუქტურულად უკეთესი იქნებოდა, რომ ინვესტიციები სხვანაირად გადანაწილდეს. უძრავი ქონების თუ საფინანსო სექტორში ინვესტიციების ზრდა აუცილებელია, მაგრამ რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სადაც ინვესტიციებმა იკლო. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები 9-ჯერ შემცირდა. ბაზარზე ჩამოყალიბდნენ ლიდერი კომპანიები, რომლებიც ერთგვარი მონოპოლისტები არიან. მათ ბაზარი იმდენად მოირგეს, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში ოპერირებისთვის თავის სივრცეს ვერ ხედავს. უცხოელი ინვესტორებისთვის ამ სფეროში შემოსვლა წლიდან წლამდე გართულდება. ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების კლება სამომავლოდ ფასებსა და ხარისხზე ნეგატიურად აისახება, რადგან ბაზარზე კონკურენცია არ იქნება“, - განმარტავს ჭარაია.

მისივე თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობები ეფექტური არ არის: „სახელმწიფოს ხელშეწყობისა და დიდი თანხების ჩადების მიუხედავად, ფაქტია, რომ ამ დარგში ინვესტიციები არ შემოედინება. 2016 წელს სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 8 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2017-ში კი 3 მილიონნახევარ დოლარს. მთავრობის მიერ სფეროში ჩადებული თანხები არაეფექტიანი გამოდგა. ასევე, გადამუმუშავებელ მრეწველობაში, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სფეროა, დიდი კლება გვაქვს. ინვესტიციები 130 მილიონი დოლარიდან 75 მილიონამდე შემცირდა. ეს არის სექტორი, სადაც ადგილობრივი წარმოება მუშავდება, რომელიც ძირითადად საექსპორტოდ არის განკუთვნილი“, - აღნიშნავს ჭარაია.

ამასთან, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უძრავ ქონებასა და მშენებლობაში გაორმაგებული ინვესტიციები, უძრავი ქონების ფასს აძვირებს.

„თანამედორვე ტექნოლოგიები, ექსპორტი, ადგილობრივი წარმოება და სპეციფიური დარგების ხელშეწყობა-განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ინვესტიციების მოზიდვა სწორედ ამ დარგებშია საჭირო. უძრავი ქონება, მშენებლობა ისედაც მომგებიანი სფეროებია. უცხოური კომპანია თუ არ შემოვა, ქართული კომპანია ააშენებს. გაორმაგებული ინვესტიციების ფონზე, რომელიც მშენებლობისა და უძრავ ქონების მიმართულებით არის, უძრავი ქონების ფასიც იმატებს“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

თეონა კენჭიაშვილი