გენგეგმის ჯგუფი თბილისის მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს

თბილისის ცენტრალური უბნების ავტომობილებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს, რომელსაც ავტომატი გააკონტროლებს.

როგორც “სითი კვირას” გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუმარტა, საუბარია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პარკირების პრობლემის მოგვარების საპილოტე პროექტზე, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე უნდა განხორციელებულიყო.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისის ცენტრალურ უბნებში, პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე მოქალაქეები პირად ავტომობილს შეუზღუდავი დროით აჩერებენ, რაც დაუშვებელია.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციის თანახმად კი, ქალაქის ცენტრში პარკინგით ის მძღოლები ისარგებლებენ, ვისაც აუცილებელი და გადაუდებელი საქმე აქვთ და ამისთვის შესაბამის თანხასაც გადაიხდიან.

მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, საპილოტე პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული წინააღმდეგობები იქმნება რეგულაციების თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ მოდელს დღემდე არ იყენებს კომპანია “სითი პარკი”, რომელიც პარკირების მიმართულებით ქალაქის პოლიტიკას მართავს.

“ქალაქის ცენტრში შეუზღუდავი დროით გააჩერო ავტომობილი, თან პრაქტიკულად უფასოდ. ზოგი ავტომობილს მთელი დღის განმავლობაში ტოვებს, რაც დაუშვებელია. ჩვენი პროექტი ამ ადგილების გამოთავისუფლებას ისახავს მიზნად, რომელიც რეკომენდაციის სახით გენგეგმაში ჩაიდება”,- აცხადებს სალუქვაძე.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა პარკირების ფასიანი სისტემის დანერგვას გაგებით შეხვდება, თუ კი სწორად იქნება ინფორმირებული, რომ ეს ქალაქის ცენტრალური უბნების ავტომობილებისგან განსატვირთად კეთდება.