10 წლის შემდეგ შეცვლილი ციფრი - რატომ დაკორექტირდა 2007 წლის უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი

საქართველოში განხორციელებული პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მონაცემებს კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

თუმცა საინტერესოა ის, რომ ე.წ. ისტორიული მაქსიმუმი ჯერ კიდევ 2007 წელს დაფიქსირდა. მაშინ საინვესტიციო მონაგარმა 2 015.0 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მონაცემები დაკორექტირდა, შედეგად, 2007 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1 750.2 მლნ აშშ დოლარზე ჩამოვიდა.

აქვე საინტერესოა ისიც, რომ მსგავს შედეგებს გარდა საქსტატისა, საქართველოს ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკიც აქვეყნებენ. 2007 წლის მონაცემებით კი სამივე სტრუქტურას სხვადასხვა მაჩვენებელი ჰქონდა დაფიქსირებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა „საქსტატის“ მიერ 2007 წლის მონაცემების დაკორექტირება 10 წლის შემდეგ.

როგორც „საქსტატის“ საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა ლიკა ძებისაურმა განგვიმარტა, 2007 წლის მონაცემების დაკორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის შესაბამისად მოხდა.

„2016 წლის ნოემბერში, ჩვენთან სავალუტო ფონდის მისია იყო ჩამოსული, მანამდე ჩვენ მონაცემთა გავრცელების ასეთი პოლიტიკა გვქონდა, რომ კვარტალური მონაცემების დაზუსტება მხოლოდ წლიური კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვეძლო. ეროვნულ ბანკს კი გავრცელების განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა. თუ აღმოაჩენდა, რომ წინა კვარტლებში ან რომელიმე წლის რომელიღაც პერიოდში საწარმომ, ბანკმა თუ სხვა სახის ორგანიზაციამ მონაცემი შეცვალა და ახალი წყარო გაუჩნდა, ეროვნულ ბანკს უფლება ჰქონდა, რომ რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემი დაეზუსტებინა. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდებოდა. თუმცა მისიის ვიზიტის შემდეგ, შესაბამისი რეკომენდაცია მოგვეცა, რომ მგავსი სტანდარტით ჩვენც გვესარგებლა.

ამდენად, როდესაც კვარტალურ მონაცემებს ვავრცელებთ, შეგვიძლია დავაზუსტოთ მიმდინარე წლის წინა კვარტალების მონაცემები, ხოლო როცა წლიურ მონაცემებს ვავრცელებთ, შეგვიძლია დავაკორექტიროთ წინა ხუთი წლის მონაცემი“, - აღნიშნავს ძებისაური.

კითხვაზე, რატომ დაკორექტირდა მაინცდამაინც 2007 წლის მონაცემები, რომელიც რეკორდულ მაქსიმუმად ითვლებოდა, ლიკა ძებისაური გვპასუხობს, რომ მისიის რეკომენდაციის მიხედვით, 2002-2016 წლების დინამიკური მაჩვენებლები უნდა დაკორექტირებულიყო.

„ფონდის პირველი რეკომენდაცია იყო ის, რომ 2017 წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოგვეხდინა ისტორიული დინამიკური კვლევების გადახედვა. ასევე, ჩვენი და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო. 2002 წლიდან 2016 წლის ჩათვლით დინამიკას გადავხედეთ. შესაბამისად, მწკრივებსაც გადავეხდეთ, ბევრ საწარმოსთან დაკონტაქტება მოგვიწია და მონაცემები გასწორდა. 2007 წლის მონაცემები სწორედ ამის გამო შეიცვალა. რაც ჩვენ დავაკორექტირეთ 2002-დან 2016 წლის ჩათვლით, შიგნით ზოგი საწარმო მინუსით დაკორექტირდა, ზოგი პლიუსით, თუმცა ჯამურად მინუსებში წავიდა. 2016 წლის შემდეგ კი ჯამურად პლიუსი მოგვცა“, - აღნიშნავს ძებისაური.

მისივე თქმით, თუკი აქამდე ეროვნული ბანკისა და „საქსტატის“ მონაცემები განსხვავდებოდა, სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციების შემდეგ, მათი მონაცემები ერთმანეთს გაუთანაბრდა: „ჩვენი და ეროვნული ბანკის მონაცემები განსხვავდებოდა. თანაც ბანკი მსგავს მონაცემებს 90-ე დღეს ავრცელებს, ჩვენ - 70-ე დღეს. ეს ოცი დღე იმდენად დიდი დროა, რომ რომ ამა თუ იმ საწარმომ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. უკვე 2017 წელს ჩვენი და ეროვნული ბანკის მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა“, - აცხადებს ძებისაური.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემების დაკორექტირებაც აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც წლიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდება.

„სისტემატიურად გროვდება ისეთი ინფორმაცია, როდესაც საწარმო თავის მონაცემს აზუსტებს. თუნდაც ბოლო დაზუსტების დროს რამდენიმე საწარმო იყო, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს მონაცემები. როგორც აგვიხსნეს, აუდიტის სამსახურმა ზოგიერთი ხარჯი არ ჩაუთვალა ხარჯად, ზოგი კი ჩაუთვალა და ეს გახდა ცვლილების მიზეზი. ბუღალტერი, დოკუმენტურად მიღებული მასალა რაც აქვს, იმას ასახვს ბალანსში და გვიგზავნის, თუმცა რისი დოკუმენტიც ჯერ არ აქვს, იმას ვერ შეიყვანს. შემდეგ უკვე შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, ასეთ დროს ჩვენც გვიწევს მონაცემების დაკორექტირება. 2017 წლის მონაცემი აუცილებლად დაკორექტირდება წლიური კვლევის შედეგებით, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდება“, - განმარტავს ლიკა ძებისაური.

თეონა კენჭიაშვილი