„კომპანია „მაგთიკომი“ მობილურ ინტერნეტპაკეტს არ გააძვირებს“. ამის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, ეს ეხება ინდივიდუალურ აბონენტებს, რომლებიც ბაზრის 90 %-ზე მეტს შეადგენენ და არა კორპორატიულ კლიენტებს.
საუბარია, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 18 იანვრიდან „მაგთი“ მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფების ცვლილებას გეგმავდა.
კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; 3 ლარით უნდა მოემატებინა და 18 ლარი გამხდარიყო 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი უნდა ყოფილიყო.
კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნა, რომ ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. ამასთან, საკითხით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროც. შედეგად, კი კომპანია „მაგთიმ“ ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, „მაგთიკომმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით 1 მარტამდე შეაჩერა.
დღეს კი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანია მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფებს არ გაზრდის.