2018 წლის ბოლოს შინაური ცხოველის საკვების საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს „გეოპროვიჟენ“ შეემატა, რომელიც შინაური ცხოველის (ძაღლის) საკვების წარმოებას გეგმავს .

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს უმაღლესი ხარიხის პროდუქტი მიაწოდოს. პროდუქტი დამზადდება მხოლოდ იმპორტირებული ქათმის გულმკერდის ანათალებისაგან, რომელიც თერმულ დამუშავებას გაივლის. ამასთანავე, გამომშრალი პროდუქციის დაფასოება მოხდება ჰერმეტულ პაკეტებში, მისი შემდგომი საერთაშორისო ბაზრებზე, კერძოდ ევროკავშირის 31 ქვეყანაში რეალიზაციისთვის.

შპს ‘გეოპროვიჟენი’ რომელიც 2018 წლის ბოლოს ამოქმედდება, წლიურად 170 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 15-25 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, გ. ნადარეიშვილის #66 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური 3 000 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.