აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ბაზარს ტოვებს

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ბაზრიდან გადის. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.

კერძოდ, როგორც abc.az წერს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი რუსეთსა და საქართველოში ფილიალებს ხურავს.

„ფილიალების დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება 14 მარტს აქციონერების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალური ანალიზის შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, ფილიალების დახურვის მიზეზი ბანკის პრივატიზაციისთვის მზადებაა,“- განაცხადა abc.az-თან ბანკის დროებითმა მმართველმა აბას იბრაგიმოვმა.

მისივე თქმით, კლიენტების მიმართ არსებული ყველა ვალდებულება შესრულდება და ბანკების ფილიალების გაუქმება იმ კანონის მიხედვით მოხდება, რომელიც ამ ქვეყნებში მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე The Wall Street Journal-ი წერდა, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა (ასბ) ნიუ იორკის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა და სასამართლოს 3,34 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მიმართა.

მაშინ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის (ასბ) რესტრუქტურიზაცია ბანკის მოსკოვისა და თბილისის ფილიალების სამსახურს არ შეაფერხებდა.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. ბანკი 1992 წლიდან არის ბაზარზე და აზერბაიჯანის ორი სახელმწიფო ბანკიდან ერთ-ერთია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ სახელით 2007 წლიდან ახორციელებს საბანკო საქმიანობას.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. ბანკი 1992 წლიდან არის ბაზარზე და აზერბაიჯანის ორი სახელმწიფო ბანკიდან ერთ-ერთია.