საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ევროკავშირმა 11,8 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით 8 პროექტი დაფინანსდება.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა.
როგორც იანოშ ჰერმანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის პროექტებს ევროკავშირი საქართველოში 8 წელი ახორციელებს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.
„სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივად, საქართველოში. შეირჩა ის 8 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანთა უფლებების განმტკიცებას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის არის: სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანთა უფლებები; ბავშვებზე ზრუნვა; წყალი, სანიტარია, ჰიგიენა; სამოქალაქო მონაწილეობა და კარგი მმართველობა.