თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი თბილისის მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს.

როგორც ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი - საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა მოხდეს. სალუქვაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრში გადასახადი გარეუბანში პარკირებისგან უნდა განსხვავდებოდეს.

"დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციის საგუძველზე მერიას შევთავაზეთ პარკირების საათობრივი საფასურის დაწესება. კარგად ვიცით, რომ ერთწლიანი პარკირების საფასური 50 ლარია და ავტომანქანის მფლობელს სადაც უნდა და რამდენ ხანსაც უნდა გააჩერებს ავტომობილს. ეს არ მიგვაჩნია სწორად და არ არის ევროპული გამოცდილება, რადგან ქალაქებში არის ზონირება, ქალაქის ცენტრში სხვა ფასი ღირს ავტომობილის გაჩერება და გარეუბანში - სხვა. შეთავაზებული პროექტი კი გულისხმობს პარკირების ბალანსს და პარკირების ზონორებას. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს პარკირების სტრატეგიაში, რაც არ გაგვაჩნია.

ცენტრში პარკირების საფასური ბევრად მეტი უნდა იყოს, გარეუბანში ნაკლები. ითვლება, რომ ქალაქის ცენტრში პარკირების 15% მაინც თავისუფალი უნდა იყოს, 85% დატვირთული, რაც ჩვენთან არ არის. ეს ევროპაში ნორმალური სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიად ითვლება. იმ შემთხვევაში თუ 85%-ზე მეტია ტარიფი, უნდა გადაიხედოს", - განაცხადა სალიქვაძემ.

რაც შეეხება ტარიფს, როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ორგანიზაციას ეს დათვლილი არ აქვს.

"ამის გაკეთება ქალაქის მერიასთან და ოპერატორთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. სამჯერ, ოთხჯერ მაინ უნდა აღემატებოდეს ცენტრში მანქანის დაპარკინგება, გარეუბნებში პარკინგს", - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, შეთავაზებული იყო მერიის ხელმძღვანელობისთვის, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ ჩამოიტანდა აპარატს, რომელიც საფასურის გადახდის საკითხს მოაწესრიგებდა.

ამასთან, სალუქვაძის ინფორმაციით, საპილოტედ შეთავაზებული იყო კოტე აფხაზის ქუჩა.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, საათობრივი პარკირება საცობების საკითხსაც მოაწესრიგებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ საკითხს საკანონმდებლო სრულყოფა სჭირდება.

„სტრატეგია არის ჩამოსაყალიბებელი პარკირების საკითხთან დაკავშირებითაც. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრში გაკეთებული, საჭიროა გარეუბნებშიც და შუალედურ დონეზეც გაკეთდეს და დადგინდეს ტარიფები. რაც შეეხება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის აღნიშნული საკითხის მოგვარებას, საათობრივი პარკირება არ შეეხებათ, მათთვის შეღავათები უნდა დაწესდეს, ან შესაძლოა პარკირება უფასო იყოს“, - განაცხადა სალუქვაძემ.