"სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე"

ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე, - ამის შესახებ ყაზბეგის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს, პირველადი დახმარება ადგილზევე ეწევათ, სასწრაფო დახმარების ბრიგადები კი მათ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანენ.

„ავარიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, იყო ძაბვის ვარდნის პრობლემა და ელექტროენერგიის გათიშვასთან გვქონდა საქმე. დაშავებულთა რაოდენობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 10-დან 12-მდე მერყეობს. ჩემი რწმუნებული მიდის ახლა ადგილზე. ასევე ხდება მობილიზება ემერჯენსების თბილისიდან. პირველადი დახმარება ეწევათ ადგილზე და შემდეგ უკვე ემერჯენსები დაზიანების შეფასების შესაბამისად, გადაიყვანენ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.