გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში 7 პაციენტი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ორი ადამიანი არის საყურადღებო, ერთი არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა, თუმცა მას რაიმე დამატებითი ინტენსიური თერაპია არ სჭირდება. მოტეხილობა იმობილიზებულია, მას თბილისში გადმოვიყვანთ საბოლოო მკურნალობისთვის. მეორე - საყურადღებოა შვედეთის მოქალაქე. საყურადღებოა იმით, რომ ეს ქალბატონი ორსულადაა. მას, ასე ვთქვათ, აქვს წელის ტკივილი, ის ორსულობის გამო არის საყურადღებო. ქალბატონსაც აუცილებლად გადმოვიყვანთ, გადაწყვეტენ ალბათ, თუ რომელ კლინიკაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ ღუდუშაურში, თუმცა რამდენადაც გავიგეთ, მისი კორპორატიული დაზღვევა ფარავს „მედიქლაბ ჯორჯიას“. რაც შეეხება დანარჩენს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გუდაურის გადაუდებელი კლინიკა სრულად არის აღჭურვილი და მობილიზებული ასეთი პაციენტების მისაღებად. ასე რომ გარწმუნებთ, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.