"გუდაურში სხვა საბაგიროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და მათი შემოწმების საჭიროება არ დგას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, მათი გამართულობის შესახებ შემოწმების აქტები არსებობს.
“სხვა საბაგიროების შემოწმება არ არის საჭირო. ყველა მათგანი გამართულია და ეს დადასტურებულია სხვადასხვა შემოწმების აქტებით. ეს საბაგიროები, რომელიც საქართველოში არის, მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ამასთან, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმადე იქნას დაყვანილი.
„ამ მიმართულებით ანალიზი გაკეთდება. თუმცა შემიძლია გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საფრთხე, რაც გააჩნია ქვეყანას მათ შორის, საიმიჯო კუთხით, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა და საფიქრალი ამ ეტაპზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვა ყველაფერს უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.
ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს.