ბათუმის „სემირამიდას ბაღები“ ივნისში გაიხსნება, თუმცა შეცვლილი სახელით

სასტუმრო-კომპლექსი ბათუმში, რომელიც „სემირამიდას ბაღების“ სახელით უნდა გახსნილიყო, სტუმრებს ზაფხულში მიიღებს, თუმცა სხვა სახელით.

ბათუმში ზღვისპირას მდებარე სასტუმროს მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2013 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანელ ინვესტორს გახსნის თარიღი 2015 წლამდე გადაუვადა. მაშინ სამინისტროში მიზეზად იმას ასახელბდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დროში ვერ ესწრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორი შესაძლოა, პროექტიდან გასულიყო.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გლორიას“ წარმომადგენელი კახა შარაბიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმრო-კომპლექსის დამკვეთად კვლავ აზერბაიჯანელი ინვესტორი რჩება და კომპანიის მენეჯმენტი სასტუმროს გახსნას ივნისში გეგმავს.

„მშენებლობა დასრულებულია. გასული წლის შემოდგომაზე უნდა გაგვეხსნა, თუმცა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს გახსნის თარიღის გადავადება კიდევ ერთხელ ვთხოვეთ. ზაფხულის სეზონი უკვე დასრულებული იყო და კომპანიის მენეჯმენტის სურვილი გახლდათ, რომ კომპლექსი ზაფხულში გახსნილიყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მენჯმენტი სასტუმროს გახსნას ივნისში აპირებს. ამჟამად სრულდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები ბათუმის მერიასთან“, - განმარტავს შარაბიძე.

რაც შეეხება პროექტის ორჯერ გადავადების საკითს, ხომ არ დააკისრა ამის გამო აჭარის ხელისუფლებამ კომპანიას ჯარიმა, შარაბიძე აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უცხოელ ინვესტორს ხელი შეუწყო და გადავადების გამო ჯარიმა არ დააკისრა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს სახელწოდება „სემირამიდას ბაღები“ არ იქნება და ექსპლუატაციაში სულ სხვა სახელით შევა, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი სახელწოდების დასახელება არ შეუძლია.

„სახელწოდებაზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა „სემირამიდას ბაღები“ აღარ ერქმევა. უახლოეს თვეებში სახელწოდება ცნობილი გახდება. სახელი „სემირამიდას ბაღები“ არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის გამოძახილი იყო. მენეჯმენტს კი სურვილი აქვს, სასტუმრო-კომპლექსი სხვა სახელით ოპერირებდეს“, - აღნიშნავს აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში.

რაც შეეხება პროექტს, კახა შარაბიძის თქმით, პროექტი ძირეულად არ შეცვლილა, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები შეიცვალა. საინვესტიციო თანხა კი, რომელიც თავდაპირველად 35 მილიონ დოლარს შეადგენდა, გაიზარდა და 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„სასტუმრო 170-მდე ნომრის შედგება. სასტუმრო 12-სართულიანია. ნომრები მაღალი კლასის იქნება. სასტუმროსთან ერთად, საცურაო აუზები და კაზინოც მოეწყობა. თუმცა კონკრეტულად რომელი ბრენდის კაზინო გაიხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სასტუმრო იქნება მაღალი კლასის და მას ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი ექნება“, - აცხადებს შარაბიძე.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „მარინასა“ და „აკვაპარკს“ შორის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა გამზაევას 2011 წლის ივნისში, აჭარის მაშინდელმა მთავრობამ 1 ლარად გადასცა. ზარიფა გამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაევალა.

თეონა კენჭიაშვილი