ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამურო ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილზე მყოფ ტურისტებთან და მათი უმეტესობა ადგილზე რჩება. მისივე თქმით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია. ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.
„ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც ეს უბედურება მოხდა“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.