საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, ტრანზიტისთვის უაღრესად ხელსაყრელ და მომგებიან ადგილას მდებარეობს. ბუნებრივია, ეს ავიაბაზრის განვითარებისთვის დიდი სტიმულია. რა ხდება საქართველოს ავიასივრცეში და როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარი? - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - გურამ ჯალაღონია გვესაუბრება:
-ბატონო გურამ, პირველ რიგში, გვაინტერესებს რა სიახლეებია დღეს ამ სფეროში?
-ჩვენი სამოქალაქო ავიაცია მუდმივად და დინამიურად ვითარდება. სიახლეები არის როგორც ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის, ასევე საავიაციო ბაზრის ზრდის თვალსაზრისით. 2017 წელს ხელი მოეწერა „ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავაციის სააგენტომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია დანერგა. მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, ავიაკომპანიებს დაუწესდათ მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნები, რომლის მიხედვით, ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის უსაფრთხოება, ასევე - ნებისმიერი ფრენის დაზღვევა. სააგენტოს მიერ შემუშავებული წესით, უკვე დადგენილია ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებული სადაზღვევო კვოტები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მგზავრთა უფლებების დაცვის მხრივ. მგზავრის გარდაცვალების, სხეულის დაზიანების, ან მისი ბარგის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში დადგინდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპენსაციები. მაგალითად: მგზავრის გარდაცვალების, ან სხეულის დაზიანების შემთვევაში, კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება დაახლოებით 164 000 აშშ დოლარით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის პარალელურად მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგსაც ახორციელებს.-თქვენი აზრით, რამდენად სწრაფად ვითარდება საქართველოში ავიაბაზარი?
-შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარი წარმატებით ვითარდება. ამას ციფრებიც ადასტურებს: 2017 წლის შეჯამებული მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ იქნა 4 073 959 მგზავრი, რაც 43.43 %-ით აღემატება 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზარზე 42 ავიაკომპანია ოპერირებდა, 2016 წელს - 36, ხოლო 2015 წელს - 33. მიმდინარე წლიდან, ამ ჩამონათვალს ორი ქართული ავიაკომპანია შეემატა, „Myway Airlines“-ი, რომელიც საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებს განახორციელებს და „AK-AIR GEORGIA“, რომელიც შიდა ფრენებს ემსახურება. დადებით ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ დაინტერესების ზრდა ევროპულ მიმართულებებზე. მაგალითისთვის: 2017 წელს მგზავრებს ევროკავშირის 13 ქვეყნის 21 მიმართულებით შეეძლოთ გამგზავრება, ხოლო 2016 წელს ევროკავშირის 7 ქვეყნის 12 დანიშნულების პუნქტთან იყო პირდაპირი საავიაციო მიმოსვლა. მარტის ბოლოდან, ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 10 ევროპული ქალაქის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას.- საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. რას შეცვლის ეს თქვენს საქმიანობაში?
-ახალი საგადასახადო ინიციატივა საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას შეეხება. აღნიშნული ცვლილება ხორციელდება ექსპორტის და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების განვითარების სტიმულირების მიზნით. როგორც იცით, უფრო ადრე - 2017 წლის ივლისიდან დღგ-სგან გათავისუფლდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა, რამაც უკვე იქონია დადებითი ეფექტი საავიაციო ბიზნესზე: 30-40%-ით გაიაფდა ავიასაწვავის ღირებულება, მთლიანად საავიაციო სამუშაოების საბოლოო ფასი 18%-ით შემცირდა, რამაც თავის მხრივ, გააიაფა ავიასაწამოების მომსახურება. მსგავსი შეღავათები საავიაციო დარგს აქამდე არარსებულ პერსპექტივებს უქმნის.-ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით. რა პოტენციალი გვაქვს ამ მხრივ და რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
-ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების, აგრეთვე ტექნიკური ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესებამ, წლების განმავლობაში ქვეყნის მიერ საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციისთვის გატარებულმა პოლიტიკამ და ტარიფებში ჩაურევლობის მყარმა გარანტიამ დადებითი ასახვა ჰპოვა საავიაციო ბაზრის განვითარებაზე. აღნიშნულს თან სდევს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვეყნის მთავარი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შპს „საქაერონავიგაცია“ აშენებს ახალ საჰაერო მართვის ცენტრს. როგორც იცით, საქართველო აქტიურად ჩაერთო ახალი აბრეშუმის გზის შექმნის პროცესში. ჩვენი აეროპორტები, შავი ზღვის პორტები და რკინიგზა რეგიონში აბრეშუმის გზის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ამოქმედებისა და ეკონომიკური ზრდის კარგი წინაპირობაა. ჩვენი სამოქალაქო ავიაცია ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ, შესაძლებლობას უქმნის სწრაფად და იაფად განახორციელონ გადაყვანა-გადაზიდვები. ჩვენი ქვეყნის მდებარეობა, ლიბერალურ საგადასახადო გარემოსთან ერთად, საქართველოს გეოპოლიტიკური პოტენციალის გამოყენების და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების საიმედო წინაპირობაა.
-ბატონო გურამ, ცნობილია, რომ თბილისის აეროპორტში ბილეთები და მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე თუნდაც ქუთაისში. რატომ?
-საქართველოს საავიაციო ბაზარი დივერსიფიცირებულია, აქ უზრუნველყოფილია მაღალი კონკურენცია და სახელმწიფო ავიაკომპანიების სატარიფო პოლიტიკაში არ ერევა, შესაბამისად, მგზავრი თავად ირჩევს ფასს და შესაბამის სერვისს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ როგორც სრული სერვისის ბიზნეს მოდელის, ისე დაბალბიუჯეტიანი და შერეული, ე.წ. ჰიბრიდული ავიაკომპანიები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაბალტარიფიან ფრენებს ავიაკომპანიები Pegasus, Pobeda, Air Arabia, Air Arabia Jordan და Buta Airways ასრულებენ. „Low Cost“ ტარიფია გათვალისწინებული აგრეთვე ისეთი ავიაკომპანიების სატარიფო სქემაში, როგორიცაა: Flydubai, Ukraine International Airlines, Air Baltic, Atlasglobal, LOT. ასე რომ, მგზავრის არჩევანზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.-და ბოლოს, რამდენად გაიზარდა მგზავრთნაკადი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და რა მოლოდინი გაქვთ 2018 წელს?
-2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 500 709 მგზავრი, რაც 34.38 %-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს, მგზავრთნაკადი საშუალოდ 40%-ით გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ეს დარგი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი გახდეს.ხათუნა ჩიგოგიძე