რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, დაბლოკონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტი.
მათ ამისთვის მოუწოდეს ადმინისტრაციას გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი.
როგორც The Washington Examiner წერს, სენატორებმა ამ მოთხოვნის შინაარსის წერილი ამერიკის ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯონ სალივანს გაუგზავნეს.
„ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უნდა გავაგებინოთ, რომ მზად ვართ მათი ენერგოუსაფრთხოებას მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ ისინი ღრმა გავლენისგან, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიცავს“ - ნათქვამია გზავნილში.
როგორც გამოცემა დასძენს, აშშ ცდილობს სულ უფრო მეტად წაახალისოს ევროპაში ამერიკული გაზის ექსპორტი და ამ გზით შეავიწროვოს რუსეთი, როგორც გაზის უმთავრესი მიმწოდებელი ევროკავშირში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ 5 ევროპული ქვეყანაც გამოვიდა. ისინიც ანალოგიურ საფრთხეებს ხედავენ და მოუწოდებენ ევროკავშირს უარი თქვას ამ პროექტზე.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზოვანი გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობა იგეგმება არსებული „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის გასწვრივ. პროექტის წინააღმდეგნი არიან უკრაინა, რომელიც შიშობს ტრანზიტის შედეგად მიღებული შემოსავლის დაკარგვას და აშშ-იც, რომელსაც ასევე გააჩნია საკუთარი ამბიციური გეგმები ევროპაში გაზის მიწოდებაზე.
კოკა კვირკველია