„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში წყალტუბოს რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
„რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 48 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28 000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს. აღნიშნული კომპანია ასევე „ქართული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში ტყიბულის რაიონში, 15 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას აპირებს.
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარლგებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 1 864 046 ლარია, საიდანაც 1 315 992 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.