16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცხადებენ, მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე“, - ამის შესახებ გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.