ფრანგული შამპანურები რეკორდებს ხსნიან

ფრანგული შამპანურის გაყიდვებმა გასულ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 4,9 მილიარდი ევრო შეადგინა.

ფრანგული შამპანურის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებად ისევ დიდი ბრიტანეთი, აშშ და იაპონია რჩება.

როგორც საფრანგეთის შამპანურის კომიტეტის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, ბოლო 12 წლის განმავლობაში საფრანგეთში შამპანურის წარმოება და ბრუნვა 1 მილიარდი ევროთი არის გაზრდილი. ამავდროულად, ორჯერ არის გაზრდილი ამ ფრანგული პოპულარული სასმელის იმპორტი ევროპის ფარგლებს გარეთ.

კომიტეტის ინფორმაციით, პირველად 2017 წელს ექსპორტირებულმა ოდენობამ გადააჭარბა ქვეყნის შიგნით მოხმარებულს. ევროპაში ექსპორტმა 26% შეადგინა, ხოლო ევროპის ფარგლებს გარეთ 31%.

კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად მათ ჩინეთი ესახებათ.

კოკა კვირკველია