ბანკების ექსპანსია სადაზღვევო სექტორში

სადაზღვევო სექტორი, როგორც სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი და თანამედოვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ბანკების უკონტროლო ექსპანსიის პირობებში, ჩვენს ქვეყანაში სრულიად გაურკევეველი და დამაზიანებელი მიმართულებით ვითარდება - აცხადებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. სწორედ ამ საკითხზე, უნისონის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია 19 მარტს შეიკრიბება.

უნისონის განცხადებით, მთავარი პრობლემა ბანკების სადაზღვევო სექტორში უხეში ჩარევაა. შედეგად ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, რაც აფერხებს, როგორც დაზღვევის სფეროს განვითარებას, ისე მნიშნელოვნად აზარალებს მომხმარებლის უფლებებს.

დღეს დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები უკავიათ ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს. მხოლოდ ერთი, ქვეყნის ყველაზე დიდი საბანკო ჰოლდინგი, დაზღვევის ბაზარზე 35%-იან წილს ფლობს ორი სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით და სექტორის წმინდა მოგების 80% მიაქვს. ბაზარზე შესვლას დამატებით რამდენიმე მსხვილი ბანკიც გეგმავს უახლოეს მომავალში, რაც საბანკო სექტორის ექსპანსიის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

შექმნილ ვითარებას ეხმაურება უნისონის გენერალური დირექტორი ბატონი ვასილ ახრახაძე, რომელიც სადაზღვევო კომპანიების შეკრების მთავარი ინიციატორია.

ბატონო ვასილ, რაში ხედავთ მთავარ პრობლემას?

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მომავლის დროში საუბარი და ანალიზის გაკეთება კი არ მიწევს, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ახლდეს ამ მოვლენას, არამედ უკვე დამდგარ ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ სამწუხარო რეალობა.

ჩამოყალიბებული არაჯანსაღი სტრუქტურის შედეგად საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული დაზღვევის ფაქტიურად მთლიან ბაზარზე დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს წვდომა ეზღუდებათ. მომხმარებელს არ ეძლევა საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი დაზღვევის შემოთავაზება, რადგან ბანკში მხოლოდ ერთი, ამავე ბანკის საკუთრება სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი.

ამ ნაწილში საგანგაშო არის ის, რომ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება ბანკებზე, ხოლო ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცდება კონკურენციის პირობების დაცვაზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად პროცესი არის სრულიად უკონტროლო და ტრენდი უარესისკენ იცვლება.

მდგომარეობა უფრო მწვავდება მსხვილ კორპორატიულ სეგმენტში. კომპანია, რომელსაც კონკრეტულ ბანკში აქვს მსხვილი სასესხო ვალდებულება, ბანკი იძულებულს ხდის თავისივე სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს. თუ გადავხედავთ ბანკების პორთფელებში არსებულ მსხვილ კომპანიებს და მათ მზღვეველებს, ხსენებულში ადვილად დავრწმუნდებით.

როგორც საქმიან წრეებში საუბრობენ, საკმაოდ მწვავედ დგას კორპორატიული ინფორმაციის გადინების პრობლემაც. ამ საკითხზე რამეს ხომ არ დაამატებდით?

ნამდვილად, საფრთხის ქვეშ დგება მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია. ბანკების მრავალმხრივი ინტერესი სხვადასხვა სექტორში ამგვარ ინფორმაციას ჰოლდინგის ყველა წევრისათვის პირდაპირი თუ ირიბი გზით ხელმისაწვდომს ხდის.

პრობლემა მწვავედ უდგას დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებსაც. ფაქტიურად ბაზარზე აღარ დარჩა ბანკი, რომელიც არ იქნება სადაზღვევო კომპანიასთან აფილირებული, ხოლო სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი ფინანსური რესურსი ზედამხედველის რეგულაციების თანახმად მინიმუმ 3 სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში უნდა ჰქონდეთ განთავსებული. შესაბამისად ჩვენი კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია ავტომატურად გაზიარებულია კონკურენტი კომპანიის დამფუძნებელთან. ბანკთან აფილირებული კონკურენტი სადაზღვევო კომპანიას ექმნება წვდომა ჩვენი მომხმარებლების მიერ ჩვენთან განხორციელებული გადახდების შესახებ. ეს ჩვენი სტრატეგიული და კონფიდენციალური ინფორმაციაა, რასაც ბანკები არაკანონიერად იყენებენ.

სადაზღვევო ბაზარი ჩვენს ქვეყანაში დაბალი მომგებიანობით ხასიათდება, რატომ გახდა ბანკებისთვის ის ასე მიმზიდველი?

სავალდებულო დაზღვევის სახეობების ბაზრის გაჩენამ სექტორი განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა. მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევა, საკმაოდ სოლიდურ ბაზარს ქმნის. ბანკებიც გამალებით იღებენ სადაზღვევო ლიცენზიებს პროექტიდან მოგების სანახავად.

სადაზღვევო სექტორში ყველაზე მომგებიანი სესხებზე მიბმული პროდუქტები სწორედ კონკურენციის უხეში შეზღუდვით ხვდება რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პორტფელში, აქ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟაა. გაზრდილი მარჟა, რა თქმა უნდა, დიდწილადაა განპირობებული კონკურენციის ხელოვნური ბარიერებით და მომხმარებლის უფლებების აშკარა დარღვევით.

როგორც ვიცით, თქვენ კონკრეტულ გეგმას სთავაზობთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. რაში მდგომარეობს თქვენი რეკომენდაცია?

ჩვენ გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციების მთელი პაკეტი. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვის შესახებ კანონის სადაზღვევო სექტორზე გავრცელებაა. ჩვენ წერილით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და ველოდებით შესაბამის რეაგირებას.

ძლიერი საბანკო სისტემა აუცილებელია ეკონომიკისთვის, თუმცა თუ მხოლოდ ბანკები დაგვრჩა და კონკურენცია მოისპო, რისკენაც არაერთ სექტორში მივდივართ, გამოუსწორებელ შედეგებს მივიღებთ. ვიმედოვნებთ, ბანკების ექსპანსია პირველად დაზღვევაში შეჩერდება.

(R)