საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 75 ლარი იყო.
„საქსტატის“ 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენდა 1140,9 ლარს, 2016 წლის მე-4 კვარტალში კი 1065,9 ლარს.
რაც შეეხება ქალების ხელფასს, ის ისევ მამაკეცების ხელფასზე ბევრად ნაკლებია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აქაც ზრდა მოხდა. კერძოდ, 2017 წლის მე-4 კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი იყო 859,5 ლარი, 2016 წლის მე-4 კვარტალში კი 795,2 ლარი.
2017 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი 1 306 ლარიდან 1 387,4 ლარამდე გაიზარდა.