სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები მკაცრდება. ჯარიმები დაახლოებით 10 ათასი ლარიდან დაიწყება. ასევე გაფართოვდება იმ ობიექტების სია, რომლებიც სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებარება. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ისაუბრა. ხუციშვილი განმარტავს, რომ ჯარიმების გაზრდასთან ერთად, შეიცვლება დამჯარიმებელი ორგანოც.
„ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, რომ კანონპროექტის ფარგლებში გავზრდით ჯარიმების ოდენობას. თუმცა იმის გამო, რომ ჯარიმები გაიზრდება, ჩვენ აღარ ვიქნებით დამჯარიმებლები და სასამართლოს მივმართავთ ხოლმე. კონკრეტულ თანხაზე, თუ სადამდე გაიზრდება, საბოლოოდ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯარიმები ალბათ, დააახლოებით, 10 ათასიდან დაიწყება. ჯარიმების ზრდასთან ერთად, გაიზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება სახანძრო ზედამხედველობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როგორიცაა სავაჭრო კომპლექსები და ა.შ. გარდა ამისა, მაქსიმალურად გავზრდით შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კვალიფიციური პერსონალი მოვიზიდოთ, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახანძრო ზედამხედველობის კუთხით, უწყებაში ცალკე სტრუქტურული ერთეულის შექმნა განიხილება.