ფედრეზერვის სხდომის წინ, რომელიც დღეს დაიწყება და ოთხშაბათს დასრულდება, ამერიკული დოლარის ინდექსი სტაბილურობას ავლენს. ბაზარი ფედრეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ყველას აინტერესებს, ჯერომ პაუელის თავმჯდომარეობით, პირველივე სხდომაზე მოხდება თუ არა დოლარის განაკვეთის აწევა.
ერთის მხრივ, შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგრადი აღმავლობა, დოლარზე განაკვეთის აწევის შესაძლებლობას იძლევა. ანალიტიკოსთა უმეტესობა წელს ამას პირველად სწორედ მარტის სხდომაზე ელის. მაგრამ ბევრი ფაქტორი, ყველაზე მეტად კი გლობალური სავაჭრო ომის შესაძლებლობა, ინვესტორთა მღელვარებას იწვევს. და ისინი რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე აკეთებენ აქცენტს.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვსი წამყვანი ვალუტის მიმართ, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, დღეს შუადღისას 90.307-ის ფარგლებში იმყოფებოდა. წინა კვირის ბოლოს, ინდექსმა 90.38-ს მიაღწია, რაც ბოლო ორი კვირის მაქსიმალური მაჩვენებელია. ინდექსის ზრდას მეტწილად სწორედ დოლარზე განაკვეთის აწევის მოლოდინი განაპირობებდა.
დოლარისადმი ნდობის ზრდას, წყნარი ოკეანის მეორე მხრიდან გავრცელებული ინფორმაციაც უწყობს ხელს. კერძოდ, იაპონიაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების ნდობა პრემიერ სინძო აბეს კაბინეტისადმი შემცირდა. ეს კი იმ სკანდალს მოჰყვა, რომელიც სახელმწიფო მიწის გაყიდვას მოჰყვა. შესაბამისად, აბეს ეკონომიკური პროგრამისადმი ნდობაც შემცირდა. ამან კი იენის, როგორც რისკებისგან თავშესაფარი აქტივის პოზიციები შეარყია.