საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს,რომელიც შარტავას ქუჩაზეა გადაღებული.
როგორც ასოციაციის გვერდზეა აღნიშნული, მას შემდეგ, რაც პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა, მიმდებარე ქუჩები გადაიტვირთა.
"ფოტო ასახავს პეკინის "გაცალმხრივების" შედეგად მიღებულ საგზაო უძრაობას მერიის შენობის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე. ჩვენი ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა პეკინის "გაცალმხრივების პროექტს". ვინაიდან გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კვლევისა და საავტომობილო ნაკადების გაანგარიშების გარეშე. დღეს კი, ნათლად ჩანს, რომ პეკინის გარდა, გადაიტვირთა ყველა მიმდებარე ქუჩა. ასევე, პეკინის ქუჩის გაცალმხრივებამ გაართულა გადაადგილება მომიჯნავე ვაკისა და დიდუბის რაიონებში, გარკვეულ მონაკვეთებზე.
მიგვაჩნია, რომ საგზაო მოძრაობაში რადიკალური ცვლილებების შეტანა საფუძვლიანი კვლევების გარეშე მიუღებელია, ვინაიდან საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების ნაცვლად, ვიღებთ გაუარესებულ მდგომარეობას. შარტავას ქუჩა ამის ერთერთი ნათელი დადასტურებაა", - აღნიშნულია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის სოციალური ქსელის გვერდზე.