ყაზახური Forbes-ის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს.
ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ „ყაზტრანსგაზმა“ ყაზახეთის საფონდო ბირჟას უკვე აცნობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიიღეს.
როგორც ცნობილია, 2006 წელს "ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა. 2009 წლის მდგომარეობით კი "ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.
უკვე 2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს" შესაძლოა, მფლობელი შეცვლოდა. მაშინ ახალ მფლობელად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სახელდებოდა. გარცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა მაშინ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დააასტურეს.
უფრო მოგვიანებით, 2017 წელს კი „ყაზტრანსგაზმა“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.