„მიკროავტობუსების მიერ ინსპექტირების გავლის შესახებ ტრანსპორტის სამსახურიდან და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ინსპექტირებაზე მისული მიკროავტობუსებიდან, თავდაპირველად 68 ერთეულმა ვერ გაიარა ინსპექტირება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების შემდეგ განმეორებითი ინსპექტირება დადებითი შედეგით 61 მიკროავტობუსმა დაასრულა.
ამასთან, როგორც ანგარშშია ნათქვამი, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 68 უარყოფითად დასრულებული ინსპექტირებიდან, 65 შემთხვევა ფიქსირდება ერთ ცენტრში, რისი მიზეზის დადგენაც მიღებული განმარტების თანახმად, შეუძლებელია.
„ტრანსპორტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მიმოსვლის მიკროავტობუსების მფლობელი ოთხივე კომპანია განმარტავს, რომ ყველა მიკროავტობუსმა 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი) კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები არ იქნა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მიერ ინსპექტირების გავლის შესახებ არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ყველა მიკროავტობუსს აქვს გავლილი პტი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც არ დასტურდება აკრედიტაციის ცენტრის მონაცემებით.
სატრანსპორტო სამსახურს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებზე. მიკროავტობუსების ნაწილის გამოუცხადებლობა ინსპექტირების ცენტრებში გამოწვეულია როგორც მერიის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობით, ასევე დარღვევებზე საპატრულო პოლიციის რეაგირების დაბალი მაჩვენებლით,“-ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყვითელი მიკროავტობუსების 25% პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა; ხოლო გამოცხადებული -1 524 მიკროავტობუსიდან 4% უვარგისი გამოდგა.
გასული წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრის პერიოდში კი ინსპექტირების გასავლელად მიკროავტობუსების 42% არ გამოცხადდა; ხოლო გამოცხადებული მიკროავტობუსების 0,40% უვარგისი გამოდგა.
შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ დაარსდა 2011 წელს და ახორციელებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული 4 კომპანიის მართვას - შპს „თბილ ლაინი“, შპს „თბილ ქარი“, შპს „კაპიტალ გრუპი“ და შპს „ფაბლიქ ქარსი“. აღნიშნულმა ოთხმა კომპანიამ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 20 წლის ვადით მოიპოვა.
ტრანსპორტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით სულ 2,024 შიდა საქალაქო მიმოსვლის მიკროავტობუსია, მათგან დაახლოებით 1,700 ერთეული ყოველდღიურ სამარშრუტო მოძრაობაშია ჩართული.