„ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“

საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ასს-ების გამონაბოლქვით, რისი მთავარი მიზეზია მოძველებული და გაუმართავი ასს-ების რაოდენობის ზრდა.

„იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა. ასევე, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე,“-ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივი დონე თბილისის მასშტაბით, ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს.

„თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება. 2017 წელს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის (O3) შემთხვევაში შეადგენდა 167%-ს, გოგირდის დიოქსიდი (SO2) - 155%-ს და ნახშირჟანგის (CO) - 122%-ს,“-ნათქვამია კვლევაში.