საქართველოს მთავრობა მინისტრთა კაბინეტისთვის ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას მას შემდეგ გეგმავს, რაც ავტოპარკის განახლების საჭიროება დადგება.
როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ეკოლოგურად სუფთა ავტომობილებით განახლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰიბრიდული ავტომობილების შეძენა მაშინ მოხდება, როცა ახალი მანქანები იქნება შესაძენი.
„ჩვენ ამას ჯანსაღად უნდა მივუდგეთ. როდესაც ახალი მანქანები იქნება შესაძენი, მაშინ უკვე ჰიბრიდულ ავტომობილებს შევიძენთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულების წინადადებით გამოვიდა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დროა შეიცვალოს, როგორც მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების ფერი - შავი, ისე თავად ავტომანქანები გახდეს ეკოლოგიურად სუფთა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნულის გაკეთება ერთბაშად ვერ მოხდება, რადგან ამისთვის დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, ამიტომ მისივე თქმით, მინისტრებმა უნდა დაიწყონ და შემდეგ მათ სხვებიც მიბაძავენ.