სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 22 მარტს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტს

22 მარტს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი დროებით მუშაობას შეწყვეტს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს.

„შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს 22 მარტს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით.