საქართველოში ბრენდული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უდიდესი ნაწილი ფალსიფიცირებულია.
ბაზრობებზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და მყიდველი უკვე მიეჩვია კიდეც, თუმცა პერიოდულად ირკვევა, რომ მაღალი რანგის მაღაზიების პროდუქციაც არ არის ნამდვილად იმ ბრენდის, რა სახელითაც ყიდიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქციის ნამდვილისაგან გარჩევა, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია თავად მათთვისაც კი.
დახლები და მაღაზიები სავსეა ნაწარმით, რომელსაც ცნობილი ბრენდების ლოგოები ამშვენებს. როგორც ირკვევა, მათი უდიდესი ნაწილი გაყალბებულია. ბაზარზე ე. წ. "პატენტები" (როგორც ვაჭრები უწოდებენ) იმდენად გავრცელებულია, საზოგადოება ამას ჩვეულებრივად აღიქვამს და ხშირად ისმის: აბა, საქართველოში ორიგინალს ვინ შემოიტანს? ძნელი სათქმელია, ყალბი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი რომელი ქვეყნებიდან შემოდის და რას აწარმოებენ საქართველოში. ის კი აშკარაა, რომ ბაზარი სრულიად უკონტროლოა. საქართველოში საჩვენებელი აქციაც კი არავის უნახავს, თუ როგორ ართმევენ ბრენდის გამყალბებელს პროდუქციას.
წლების წინათ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრენდული მაღაზიების ოფიციალური მომწოდებელი ის სამარკო ნიშნები არ არიან, რომლის წარმომადგენლადაც თავს ასაღებენ. რა მდგომარეობაა ამ დროისათვის ამბაზარზე, ზუსტი ცნობები არ არსებობს, თუმცა ძვირად ღირებული ტანსაცმლის დიდი ნაწილი რომ სუროგატულია, საზოგადოებამ ზუსტად იცის. პერიოდულად ირკვევა, რომ მაღალი რანგის მქონე მაღაზიების პროდუქციაც არ არის ნამდვილად იმ ბრენდის, რა სახელითაც ყიდიან.
თინა ნ. ტანსაცმლის მკერავია და კერძო შეკვეთებზე მუშაობს. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ის ადასტურებს, რომ ტანსაცმლის იარლიყების დასამზადებლად მისულს არაერთხელ უნახავს ძვირად ღირებული და პოპულარული ბრენდების შაბლონებიც.
"ტანსაცმელს ვკერავ, შეკვეთებზე ვმუშაობ. იარლიყებს მხოლოდ იმიტომ ვაკრავ, რომ ნაჭრის მიხედვით რეცხვის გრადუსი და მსგავსი დეტალები მივაწერო, როცა ამის მოთხოვნა არის. ხანდახან ჩემი სახელითაც დამიმზადებია მარკა.
იარლიყების დამამზადებელი ერთ-ერთი პუნქტი გლდანი-ნაძალადევის რაიონშია. მათთან შეკვეთის მისაცემად ან წამოსაღებად მისულს, არაერთხელ მინახავს სახელგანთქმული ბრენდების მარკებიც. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, როცა "შანელი", "გუჩი", "არმანი" და მსგავსი წარწერები ვნახე. ყველამ ვიცით, რომ ეს მზადდება ჩვენთან და ბაზრობებზე უიაფესად შეიძლება ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის "პატენტის" ყიდვა.
სამაგიეროდ, ძალიან გამაკვირვა, როცა "მარჟიელა", "ოსკარ დე ლარენტა" და მსგავსი, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და მაღალი მოდის სახლების იარლიყებიც რომ ვნახე. ვიკითხე კიდეც, თუ ვინ იყენებდა ამას და აღმოჩნდა, რომ სამკერვალო სახლებს მიაქვთ და არა კერძო შეკვეთებზე მომუშავე მკერავებს. შემდეგ კი ეს ტანსაცმელი ძვირად ღირებულ მაღაზიებში ხვდება, როგორც საზღვარგარეთიდან შემოტანილი მაღალი მოდის ნაწარმი", - აცხადებს თინა ნ. "ბიზნეს-რეზონანსთან".
უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის თავმჯდომარე ამირან შენგელია პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერი ძვირად ღირებული ბრენდის იარლიყის დამზადება თბილისში 3 ლარადაა შესაძლებელი".
"შეიძლება, ყალბიც იყოს საკმაოდ კარგი ხარისხის, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ის არის გაყალბებული და სწორედ ესაა დიდი პრობლემა. ბრენდს ცალკე ფასი აქვს და სწორედ ამის წყალობით, ძირითადად, უხარისხო პროდუქციას მაღალ ფასად ვყიდულობთ. სიმართლე ითქვას, ძალიან ძნელია გარჩევა. თუ ძალიან კარგად არ ერკვევი, ნამდვილი სუროგატისგან განსხვავება შეუძლებელია, ზოგჯერ იმდენად ზუსტი პატენტი მზადდება, თუმცა ეს ყველაფერი, როგორც წესი, პირველ გარეცხვამდეა. გარეცხვის შემდეგ კი ტანსაცმელს, რამდენად ძვირიც უნდა გქონდეთ გადახდილი, ყველაფერი ეტყობა. უმეტეს შემთხვევაში, ადვილად მისახვედრი ხდება, რომ ყალბი პროდუქცია შემოგატყუეს.
სამწუხაროდ, კანონის აღსრულებაც არ ხდება სათანადოდ. პროდუქცია, რომელზეც გვეუბნებიან, რომ თურქულია, ძირითადად, ავლაბარში ან ქუთაისშია დამზადებული. მყიდველი უყურებს ეტიკეტსა და ფასს, მას არ აქვს მექანიზმი, მისი ნამდვილობა ან წარმომავლობა გამოიცნოს მაგალითად, ახლა მე მაქვს ინფორმაცია (თუმცა ვიდრე დამამტკიცებელი საბუთი არ მექნება, პირდაპირ სახელს არ ვიტყვი), ფეხსაცმლის წარმოებაში ერთ-ერთი გრანდად მიჩნეული კომპანია საქართველოში შეკერილ პროდუქციას ყიდის რეალურად.
ძირითადი პრობლემა არა ბაზრობაზე არსებული ფალსიფიკატები, არამედ მაღაზიებში წარმოდგენილი სუროგატული პროდუქციაა. ბრენდს რომ იმ ფასად არავინ გაყიდის, რაც ბაზრობაზეა, ისედაც გასაგებია. მაღაზიაში კი ძვირადღირებულ პროდუქციაზე სხვა მოლოდინია და ამ დროს აღმოჩნდება, რომ კლიენტებს ასულელებენ. თქვენც შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი, გახვიდეთ ისნის ბაზრობაზე და იქ, ნებისმიერ ძვირად ღირებული ბრენდის იარლიყს 3 ლარად დაგიმზადებენ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ამირან შენგელიამ.
ყალბი ტანსაცმელი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ნავაჭრის 7%-მდე ფალსიფიცირებულ ნაწარმზე მოდის. ჯამური დანაკარგი წელიწადში 250 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამასთან, ყალბი პროდუქციის დაახლოებით ნახევარი სწორედ ტანსაცმელი და აქსესუარებია.
თამუნა მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"