საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული ხატვის ღია კონკურსის "ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი" ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული ნამუშევარი გამოავლინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, "ფინანსური განათლების წლისა" და "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში, ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის დასაწყისში გამოცხადდა. ნამუშევრების პირველადი გადარჩევა თითოეული სკოლის დონეზე მოხდა, საბოლოო ჯამში კი, ეროვნულ ბანკში 300-ზე მეტი ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი არსებული ბანკნოტებისა და მონეტების საინტერესო ხედვას გვთავაზობს, ნაწილი კი - სრულად ახალ ნომინალებსა და დიზაინს წარმოადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული 20 გამარჯვებული ავტორისა, საგანგებო აღნიშვნის ღირსია ქობულეთელი მოსწავლის მიერ შესრულებული 50-თეთრიანი ნომინალის მონეტა, რომელმაც ჟიურის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტს ყვარელის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ, ასევე, ეროვნული ბანკის ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ ფინანსური განათლების საკითხებზე. გარდა ამისა, გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
"მოხარული ვარ, რომ კონკურსით "ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი" მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი სკოლა და მოსწავლე დაინტერესდა. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი მივიღეთ, რომლებიც ასახავს ქართული ფულის თავისებურებებს, საქართველოს ისტორიას, კულტურასა და თანამედროვეობას, და ამასთან, წარმოაჩენს ახალგაზრდების დამოკიდებულებას ფინანსური თემების მიმართ; სწორედ ეს გახლდათ პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანი - წაგვეხალისებინა ახალგაზრდები დაფიქრებულიყვნენ ფულისა და ფინანსური საკითხების მნიშვნელობის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებს მომავალშიც განვახორციელებთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.