"ვეთანხმები აუდიტს, რომ ავტობუსების მიერ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია მიმდინარე წელს ასი ერთეული ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენას აპირებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება. კახა კალაძე გამოეხმაურა აუდიტის დასკვნას, რომელიც ავტობუსებთან მიმართებაში დაიდო და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ აუდიტის დასკვნას ეთანხმება.

"მეგონა, რომ უფრო მძიმე შედეგი იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების განმავლობაში და ახლაც მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის ზოგადად, ტრანსპორტის მოწესრიგება. დაანონსებული გვაქვს მთლიანად ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობშია. ერთი ის, რომ ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ამ ავტობუსებს, რამდენი წელია უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მეორე, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ნამდვილად ვეთანხმები აუდიტს, რომ არის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, წელს ჩვენ ვაპირებთ ასი ერთეული ავტობუსის შესყიდვას და მომდევნო წლების განმავლობაში საერთოდ, მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული პარკი ახალი ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით", - განაცხადა კალაძემ.

2017 წელს თბილისში არსებული 816 ავტობუსიდან 143 ერთეულს არ ეკუთვნის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი), ხოლო დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ერთეულმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

"ავტობუსების უმრავლესობა მოძველებულია, მათი ძრავის შიდა წვის სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო შეცვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ისინი არ აკმაყოფილებენ საკანონმდებლო ნორმებს ეკოლოგიური კუთხით. საგულისხმოა, რომ ახალი, ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების არსებობა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება და ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის ასეული მილიონობით ლარის ოდენობის ხარჯის დაზოგვას,“ - ნათქვამია ანგარიშში.