სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, 2.2%-ით შემცირდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები, იანვრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა რაჭასა და თბილისში, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. დანარჩენ რეგიონებში ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, თებერვალში, იანვართან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით შემცირდა, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი), თებერვალში იანვართან შედარებით, საქართველოში 6%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა. თებერვალში სასტუმროთა ფასების მცირედი ცვლილება ნაწილობრივ ამ ფაქტით შეიძლება აიხსნას.
ამავე კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 3.2%-ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა სამცხე-ჯავახეთში და თბილისში.
რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, ფასების დონე აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის თებერვალში იანვართან შედარებით, უმნიშვნელოდ შემცირდა (0.9%-ით). რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად რაჭაში შემცირდა.