"არც ერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე მუშაობს და მომხმარებელი გადაჰყავს, ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე სამუშაოდ არ დაიშვება"

"არცერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე მუშაობს და მომხმარებელი გადაჰყავს, ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე სამუშაოდ არ დაიშვება". ამის შესახებ, აუდიტის ანგარიშის პასუხად კომპანიაში „თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებენ.

კომპანიის განმარტებით, აუდიტის სამსახურს საანგარიშოდ 6-თვიანი მონაკვეთი აქვს აღებული, რამაც მოქალაქეები შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს.

„კანონით დადგენილი წესით მიკროავტობუსებს ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ, ექსვთვიანი ინტერვალით უწევთ. ყველა მიკროავტობუსისთვის ეს პერიოდი ინდივიდუალურია, მაგალითად, თუ ერთს ტექდათვალიერების გავლა 1 ივნისს უწევს, შესაძლებელია სხვა მიკროავტობუსს 15 დეკემბერს მოუწიოს. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის მიერ მიღებულ ციფრებს დააჯამებთ, მიხვდებით რომ რეალურად ყველა მიკროავტობუსს, რომელიც იმ მომენტისთვის მომხმარებელს ემსახურებოდა, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. მოგახსენებთ, ასევე იმასაც, რომ თბილისის მიკროავტობუსის მფლობელობაში ორი ათასზე მეტი მიკროავტობუსია, ხოლო დედაქალაქს ათას რვაასი სატრანსპორტო საშუალება ემსახურება. აქედან გამომდინარე, რეზერვში მყოფ მიკროავტობუსებს, რომელიც რეალურად ხაზზე სამუშაოდ არ გამოდის, მგზავრთა გადაყვანას არ ემსახურება, შესაძლებელია ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდეს, მაგრამ არცერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე მუშაობს და მომხმარებელი გადაჰყავს, ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე სამუშაოდ არ დაიშვება და ეს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" მონიტორინგის სამსახურის მიერ მკაცრად კონტროლდება,"-აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამართულობაზეა საუბარი.