„ლაზეთმა“ ბავშვის ტანსაცმლის საცდელი კოლექცია გამოუშვა

ტანსაცმლის ქართულმა კომპანია „ლაზეთმა“ ბავშვის სამოსის საცდელი ხაზი გამოუშვა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩარგეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, „ლაზეთი“ ამ ეტაპზე მხოლოდ ქალის ტანსაცმელს კერავს და ჰყიდის, ბავშვთა სამოსი საცდელად გამოიტანეს გაყიდვაში და სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ხაზი ცალკე დაამატონ.

„იყო მოთხოვნა ბავშვის სამოსზე. მარტიდან გასაყიდად ახალი კოლექცია გავიტანეთ, სადაც საცდელად ბავშვის რამდენიმე სამოსიც მოხვდა. გვაინტერესებს, მომხმარებელი როგორ მიიღებს და შემდეგში ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვიმუშავებთ. თუ საჭიროება და მოთხოვნა იქნება, საბავშო ხაზს ცალკე დავამატებთ. რაც შეეხება მამაკაცის ტანსაცმელს, ამას სხვა რესურსი და ძალისხმევა სჭირდება. მამაკაცის სამოსის გამოშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა“, - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია ბაზრის ათვისებას ცდილობს და გაფართოებას ახლო მომავალში არ გეგმავს.

„ბაზარზე სიტუაციას ვაკვირდებით. ძირითადად სეზონური კოლექციის შეკერვა-გაყიდვაზე ვართ ორიენტირებულნი. დრო რაც უფრო გადის, მით უფრო გვემატება კმაყოფილი მომხმარებელი, როგორც ფასით, ასევე ხარისხით. შარშანდელთან შედარებით, ჩვენი მომხმარებლის რიცხვმა მოიმატა. თავიდან მოლოდინი მეტი იყო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ უცნობი კომპანია ვიყავით და სახელის მოპოვებას დრო სჭირდება. ერთგული მომხმარებლის ფონზე, გაყიდვებიც შედარებით გაიზარდა. ახალი ფილიალისა და გაფართოების საჭიროება არის, თუმცა უახლოეს მომავალში ეს ჩვენს გეგმებში არ შედის, ჯერჯერობით ამის რესურსი არ გაგვაჩნია. ერთი ან ორი წლის შემდეგ კი აუცილებლად დადგება გაფართოების საკითხიც. ყველაზე მეტად ბათუმშია მოთხოვნა“, - აცხადებს „ლაზეთის“ ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს, თუმცა ზურაბ ჩარგეიშვილის თქმით: „რუსი, უკრაინელი, ყაზახი მომხმარებელი ხშირად გვყავს და ასეთი ფორმით ქვეყნის გარეთ გადის. ოფიციალურად ექსპორტზე არ გაგვაქვს. სამომავლოდ აუცილებლად გავიტანთ. კარგი იქნებოდა ევროპის ბაზრებზე გასვლა, მაგრამ ეს შორი გზაა. ინფორმაციის მოძიება, ბაზრის შესწავლა დროსა და დიდ თანხებს მოითხოვს. იმ ბაზრებს შევარჩევთ, რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის ეს შეიძლება იყოს უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი.“

რაც შეეხება ტანსაცმლის ქართულ ბაზარს, ზურაბ ჩარგეიშილის შეფასებით, ბაზარი კონკურენტუნარიანია, მომხმარებელი კი ნაკლებად გადახდისუნარიანი.

„ჩვენ თავს ვინმეს კონკურენტად ვერ ჩავთვლით. ჯერ მხოლოდ ერთი მაღაზია გვაქვს. როცა უფრო გავფართოვდებით, შემდეგ უკვე კონკურენციაზე საუბარიც შეიძლება. რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, საქართველოში კონკურენცია დიდი და ჯანსაღია. გემოვნების, ფასისა და ხარისხის მიხედვით ადამიანებს დიდი არჩევანი აქვთ. თუმცა ჩვენი, როგორც მწარმოებლის სურვილი იქნება, რომ მომხმარებელი მეტად გადახდისუნარიანი გახდეს. ზოგადად ბაზარზე თავის დამკვიდრება რთული არ არის. შენი ნიშა უნდა მოძებნო და ხარისხიდან გამომდინარე, პროდუქციას რეალური ფასი უნდა დაადო“, - განმარტავს ზურაბ ჩარგეიშვილი.

ქართული კომპანია „ლაზეთი“, რომელიც ტანსაცმელს კერავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, 2012 წლიდან ფუნქციონირებს. საფეიქრო საწარმო ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარეობს. „ლაზეთი“ გაყიდვების ბაზარზე აქტიურად 2016 წელს გამოჩნდა და სექტემბერში „თბილისი მოლში“ გაიხსნა. რაც შეეხება პროდუქციას, „ლაზეთს“ ქსოვილები თურქეთიდან შემოაქვს და ქალის სამოსის 30-მდე დასახელებას კერავს.

თეონა კენჭიაშვილი

bpn