Lotus-ი 100 000-დოლარიან კროსოვერზე მუშაობს

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Lotus-ი სხვა მისი კონკურენტი კომპანიების მსგავსად კროსოვერის წარმოებას აპირებს.

ავტომობილი, რომელზეც კომპანია მუშაობს კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ ისეთ მოდელებს როგორებიცაა Maserati Levante და Porsche Macan.

რაც შეეხება ავტომობილის პლატფორმას, როგორც კომპანიის ბოსმა ჟან მარკ გალესმა განაცხადა, Lotus მოირგებს მისი მფლობელი ჩინური საავტომობილო კომპანია Geely-ის მიერ შექმნილ შასის. ავტომობილის მთავარი ღირსება მისი სიმჩატე უნდა გახდეს და ის სულ ცოტა ორი ტონით უფრო მსუბუქი უნდა გამოვიდეს, ვიდრე Levante-ა.

„ჩინური“ პლატფორმის გარდა, ახალი ავტომობილი მიიღებს ასევე Geely-ის მფლობელობაში არსებული შვედური Volvo-ს სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის SPA პლატფორმიდან, რომელზეც ამჟამად იწყობა „ვოლვოს“ XC90 და XC60 მოდელები. ეს ავტომობილები ოთხცილინდრიანი ძრავებითაა აღჭურვილი, მაგრამ გალესის განცხადებით, „ლოტუსის“ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ ძრავზე, რომელიც 401 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი ასევე მიიღებს Volvo-ს ელექტრონიკას, მათ შორის, თაჩსქრინიან დისპლეის.

ჟან მარკ გალესის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანია ავტომობილის დიზაინზე ინტენსიურად მუშაობს, თუმცა უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი პროპორციები - ის Porsche Cayenne-ის სტილში იქნება, თუმცა საფირმო „ლოტუსის“ შეხედულებით.

ავტომობილის წარმოება სავარაუდოდ, ჩინეთში დაიწყება და მისი ფასი დაახლოებით 100 ათას დოლარს მიაღწევს.

კოკა კვირკველია