ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარი სულ უფრო მეტად მოელის, რომ ევროზე განაკვეთის ზრდის გრაფიკი უფრო ადრე დაიწყება.
ეს გარემოება კი, ევროპული ერთიანი ვალუტის გამყარებას იწვევს. სწორედ ამ ფონზე, ევრომ მიმდინარე სავაჭრო კვირა ზრდით დაიწყო და დღესაც ზრდა გააგრძელა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროპის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას წელს შეწყვეტს, მომავალი წლიდან კი ევროზე საპროცენტო განაკვეთის აწევას დაიწყებს. ამ მოლოდინის ფონზე, დღეს დილით ევროს ფასმა 1.2355 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ რამდენიმე ათეული პუნქტით დაიკლო.
ორშაბათს „როიტერსმა“ გამოაქვეყნა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სხდომებისას, სულ უფრო ინტენსიურად განიხილება ევროზე განაკვეთის აწევის გრაფიკის გადმოწევის საკითხი. ამ ინფორმაციის წყაროს სააგენტო არ ამხელს.
ECB-ს მმართველი საბჭო მიიჩნევს, რომ საბაზრო პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, ევროზე განაკვეთის აწევის პროცესი 2019 წელს დაიწყება, მისაღებია. მთავარი დებატები კი ეხება განაკვეთის საფეხურებრივი აწევის ტემპს და გრაფიკს. "როიტერსი" ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია ხუთი სხვადასხვა წყაროსგან აქვს მიღებული, რომლებიც ECB-სთან უშუალო შეხებაში არიან.
ევროს გამყარებას ხელს ის გარემოებაც უწყობს, რომ ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის გარდამავალი 21-თვიანი გრაფიკი და მისი პირობები შეათანხმეს. ამ გარემოებამ, ბრიტანული სტერლინგის გამყარებაც გამოიწვია. სტერლინგის ფასი 1.4589 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ ისიც კორექციის ფაზაში გადავიდა. სტერლინგისთვის ეს 16 თებერვლის შემდეგ მაქსიმლური მაჩვენებელია.
ამ ორ ევროპულ ვალუტასთან პოზიციების დათმობის კვალობაზე, დაიკლო დოლარის ინდექსმა, რომელიც 90.345-დან 89.925-მდე ჩამოვიდა. მაგრამ დოლარი ფედრეზერვის სხდომის შედეგების მოლოდინშია (რომლებიც ხვალ გამოქვეყნდება) და მასზე ვაჭრობის მოცულობამ დაიკლო.