საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა თვიური ნომინალური ხელფასი 2017 წლისმე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75 ლარით გაიზარდა და 1140 ლარი შეადგინა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
ნომინალური ხელფასები გაიზარდა ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი სფეროების ნაწილშიც. კერძოდ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო როგორც 2017, ისე 2016 წლებში პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები იყო, რომლის შრომის ანაზღაურება გასული წლის მე-4 კვარტალში 2132 ლარს, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში 2128 ლარს შეადგენდა.
მეორე ადგილს მშენებლობა იკავებს, სადაც 2017 წლის მეოთხე კვარტალში შრომის ანაზღაურება 1984 ლარს შეადგენდა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 1640 ლარს.
ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სფეროებს შორის მესამე ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, სადაც 2017 წლის მეოთხე კვარტალში ნომინალური ხელფასი 1772 ლარს შეადგენდა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი ხელფასი შედარებით მაღალი 2023 ლარი იყო.
რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროებს, აქ პირველ პოზიციას ისევ განათლება იკავებს, თუმცა 2016 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, როდესაც შრომის ანაზღაურება 584 ლარს შეადგენდა, 2017 წლის იმავე პერიოდში ხელფასი გაიზარდა 626 ლარამდე გაიზარდა.