"ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქმე ეხება ფილმ "აგვისტოს 5 დღის" პრემიერის შემდგომ გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე შემოსული მილიონი ლარის განკარგვის საკითხს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ახალგაზრდა ადვოკატები" განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დგინდება, რომ 2011 წლის ივნისში, საქველმოქმედო ვახშამიდან შემოსულ ერთი მილიონი ლარის აგვისტოს ომში დაღუპული 400–მდე ოჯახისთვის გადაცემის ფაქტს, ადგილი არ ჰქონია.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილიც გაუგზავნა და გამოხმაურების გონივრულ ვადად 2014 წლის 10 მაისი შესთავაზა, თუმცა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, არც საკითხზე გამოხმაურება უზრუნველყო და არც საკუთარ ოფიციალურ გვერდზე რაიმე სახის დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილი საკითხების მიმართ, სამართლებრივი რეაგირების მოხდენას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რა დროსაც, გამოიკვეთოს დიდი ოდენობის თანხის მითვისება ან/და გაფლანგვა. ვინაიდან არ დამტკიცდება საწინააღმდეგო, ორგანიზაცია ასეთი ბრალეული ქმედების ნამდვილობას არ გამორიცხავს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" პროკურატურისგან საქმის სრულფასოვან შესწავლას მოითხოვს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გონივრულ ვადებში უზრუნველყოს:

1. "აგვისტოს 5 დღის" პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული მილიონ ლარზე მეტი თანხის განკარგვის დანიშნულება და მიზნობრიობა.

2. საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა 400-მდე ოჯახის ნამდვილობა.

3. "აგვისტოს 5 დღის" პრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღებთა გეოგრაფიული არეალი და შერჩევის წესი.

4. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგენა საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული მილიონ ლარზე მეტი თანხის განკარგვის დანიშნულებასა და მიზნობრიობის მიმართულებით.

ცნობისთვის: მონიტორინგის შედეგად, არ დადასტურდა საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორისა და მასპინძელის – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც, მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების სრული სია შეადგინეს. სიაში, სულ 400-მდე ოჯახი აღმოჩნდა, რომელთაგან თითოეული, ერთჯერადად, 2500 ლარს მიიღებდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და საქველმოქმედო ღონისძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა და დახმარების ფაქტი არ დადასტურდა შემდეგი სამინისტროების – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე",- აცხადებენ ორგანიზაციაში.